პროფესიული სასწავლებლის დიპლომის სკოლის ატესტატთან გათანაბრების წესი დამტკიცდა
20-08-2019

საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესი და პირობები დამტკიცდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით,  აღნიშნული წესი და პირობები განსაზღვრავს პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების მიზნებს, ინტეგრირების მეთოდოლოგიასა და ადგენს იმ მოდულების შინაარსს, რომელთა ინტეგრირებაც უნდა განხორციელდეს პროგრამაში.

ინტეგრირების მიზანია  საბაზო ზოგადი  განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლის პარალელურად  სრული ზოგადი განათლების მიწოდება და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მეოთხე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, რაც სრულდება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით.

ინტეგრირების მეთოდოლოგია და ინტეგრირებული ზოგადი მოდულები:

1. ინტეგრირება გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მოთხოვნების ასახვას პროგრამის იმ კომპონენტებში, რომლებიც ორიენტირებულია საკვანძო კომპეტენციების ან/და ტრანსფერული უნარების გამომუშავებასა და განვითარებაზე.

2. ინტეგრირების მიზნებისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ზოგადი მოდულებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის სავალდებულო საგანთა ჯგუფის გაერთიანებით, დამტკიცდეს ინტეგრირებული ზოგადი მოდულები:

3. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების შემუშავებისას გამოყენებულია:

  • პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ზოგადი მოდულები:
  • კომუნიკაცია;
  • რაოდენობრივი წიგნიერება;
  •  სამოქალაქო განათლება;
  • პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები;
  • მეწარმეობა.

ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის სავალდებულო საგანთა ჯგუფის საგნობრივი პროგრამები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • მათემატიკა;
  • ისტორია;
  • სამოქალაქო განათლება;
  • გეოგრაფია;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ფიზიკა.
ინტეგრირებული ზოგადი მოდულები წარმოადგენს პროგრამის შემადგენელ ნაწილს და დაუშვებელია მათი პროგრამისგან დამოუკიდებლად განხორციელება.


პროგრამის განხორციელების თავისებურებები:

  • პროგრამის ხანგრძლივობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, შეადგენს არანაკლებ 3 წელს;
  • პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაშვების წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა;
  • პროფესიული სტუდენტის მიერ პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ბრძანების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203