პენსიონერი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზების შემდეგ, სკოლებს დაახლოებით, 6 000-მდე მასწავლებელი ტოვებს, შესაბამისად, იზრდება ვაკანტური ადგილების რაოდენობაც. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმაც განაცხადა.
როგორც გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი აცხადებს, აღნიშნულის შედეგად, შესაძლოა სოფლის სკოლებში ადგილობრივი კადრების შერჩევა გაუჭირდეთ. რამდენი ვაკანტური ადგილი რჩებათ და როგორ აფასებენ ახალი კადრების შესვლას სკოლაში, etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი:
„ჩემს სკოლაში ერთი ვაკანტური ადგილი რჩება. დღეს უკვე ვაკანსია უნდა დავდოთ, შესაბამისად, სკოლა ერთმა პედაგოგმა დატოვა. პენსიონერი მასწავლებელი, რომელიც გავიდა, ძალიან კმაყოფილი შეხვდა ამ მართლაც საჩუქარს, რადგან თავისი რესურსი ამოწურა, ჯანმრთელობაც არ უწყობდა ხელს და უნდა დაეთმო ახალგაზრდებისთვის. ძალიან გაგებით და კმაყოფილი შეხვდა ამ ყველაფერს. ახალი კადრებისგან, რა თქმა უნდა, ახალ, დადებით შედეგებს ველით, საინტერესო იქნება თუნდაც იმ ახალგაზრდების მიდგომები, ვინც ახლა დაამთავრა უნივერსიტეტი და ვინც უკვე ინოვაციური მეთოდებით არის გადამზადებული. როგორც ოჯახში, ახალი წევრის მიღება, ესეც ისეთივე რთულია, იმ თვალსაზრისით, რომ არ იცი ვინ მოვა, თუმცა საკმაოდ მაღალი შესარჩევი კონკურსი იქნება ამ ვაკანსიებზე, რაც დირექტორებისთვისაც დიდი გამოწვევაა... აუცილებელია, მასწავლებელმა ყოველდღიურად იმუშაო საკუთარ თავზე, რაც ასაკოვან მასწავლებელს ნაკლებად შეეძლო, იმიტომ კი არა, რომ ეზარება, - ხელს უშლის ჯანმრთელობა, განსხვავებული მენტალობა, სხვანაირი ხედვა... ბავშვს სხვაგვარი მხარდაჭერა სჭირდება, რაც ასაკოვანი ადამიანისთვის ცოტა რთულია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ძალიან გონივრული ნაბიჯი გადადგა, რომ პატივი სცა ამ ადამიანებს, ვინც თავიანთი ცხოვრება მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნა“.
ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი კობა კვიკვინია:
„ჩვენი სკოლიდან სამი პედაგოგი მიდის და დავდებთ სამ ვაკანსიას, თუმცა, არის სკოლები, საიდანაც შეიძლება მიდიოდეს მასწავლებელი, მაგრამ ვაკანსია არ ცხადდება, შიდა გადანაწილებით ივსება. ამ სამი პედაგოგიდან ორი ისედაც აპირებდა წასვლას, ეს ჯილდო რომც არ ყოფილიყო. ამდენად, ძალიან გახარებულები არიან. ვაკანსიები, სავარაუდოდ, მეზობელი სოფლებიდან თუ შეივსება, თორემ ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივ დონეზე სოფელში არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები. სრული დატვირთვა არცერთ ხანდაზმულ მასწავლებელს არ ჰქონია და მაქვს მოლოდინი, რომ ამ ვაკანსიებს ისევ დასაქმებული უფროსი მასწავლებლები შეითავსებენ მეზობელი სკოლებიდან. ზოგიერთ საგანში მოსალოდნელია იყოს კადრების დეფიციტი. მაგალითად, ხელოვნების სულ ორი სერტიფიცირებული პედაგოგია მთელ ხობის მუნიციპალიტეტში და არ ვიცი რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ შემთხვევაში. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტკოცის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ლომიძე:
„ჩვენს სკოლაში ცუდი მდგომარეობა არა გვაქვს, იმიტომ, რომ მონდომებულები არიან, სამი მასწავლებელი დამრჩა, რომლებმაც ვერ ჩააბარეს თითო საგანი, ნოემბერში გავლენ და იმედია წარმატებით ჩააბარებენ. მათგან ერთი პენსიონერი ფიზიკის მასწავლებელია, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით და გვინდა, რომ შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ სოფელში სპეციალისტის პოვნა არ არის იოლი, მეგობარი დირექტორის დახმარებით, ძლივს ვიპოვე ეს ადამიანი. რაც შეეხება იმას, რომ გადამზადება და წინ წასვლა საჭიროა, ეს არის უდავო. მე თვითონ პენსიონერი მასწავლებელი გახლავართ, ამავე დროს, რომელმაც ჩავაბარე და დავადასტურე ჩემი კომპეტენცია, თუმცა ეს არავის მოუთხოვია. არავინ აიძულებს პენსიონერ მასწავლებელს სკოლიდან წასვლას, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში თავიანთი კომპეტენციის დადასტურება უნდა მოეხერხებინათ“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ოჟიოს საჯარო სკოლის დირექტორი ჟანა ახალკაციშვილი:
„ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ გამიგია, რომ პედაგოგებს ასე აფასებდნენ. ძალიან მისაღები შეთავაზება და დიდი დაფასებაა ეს პედაგოგებისთვის და თავადაც დადებითად შეხვდნენ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას. ჩემთან 4 ასეთი პედაგოგი იყო, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, გამოცდებზე არ გასულან. ცივილიზებულად წავიდნენ და დატოვეს სკოლა. 4 ვაკანსიას არ ვაცხადებ, რადგან მოხდა შიდა გადანაწილება. ერთმა არაპენსიონერმა პედაგოგმა დატოვა სკოლა და უფრო ამის გამო გაჩნდა ვაკანსია ჩემთან. ორი ვაკანსია მაქვს. წინა წელს ხუთი ახალი პედაგოგი შევიყვანე სკოლაში და ძალიან კმაყოფილი ვარ. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ახალი სისხლი, ახალი ენერგია სკოლაში მაინც სულ სხვაა. ძველებისგან ახლებმა აიღეს ბევრი რამ, ახალმა მასწავლებლებმა კი, მათგან ისწავლეს და ამ დროს ბევრი საინტერესო იდეა განხორციელდა“.
წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლის დირექტორი ნანული გვიჩიანი:
„პენსიონერი მხოლოდ ერთი გვყავს, - დაწყებითი კლასების პედაგოგი, რომელმაც სურვილი გამოთქვა, დაწერა განცხადება და სისტემიდან გავიდა. ვაკანსია არ გვექნება, რადგან მისი საათები იმ მასწავლებლებს გადაუნაწილდებათ, ვისაც მცირე საათები აქვთ. ბევრ პედაგოგს შეიძლება ისე უყვარს სკოლა, რომ არ უნდა სკოლიდან გასვლა, მაგრამ ვინც თანამედროვე მოთხოვნებს ფეხს ვერ უწყობს, მათთვის სახელმწიფოს ძალიან კარგი შეთავაზება აქვს, თუმცა ძალიან დაგვაკლდებიან ისინი. მივესალმები თუ სკოლაში ახალგაზრდები შემოვლენ ახალი ხედვებით და მეთოდებით, თან ბავშვებს უხარიათ ახალგაზრდა პედაგოგები“.