სექტემბრიდან მოსწავლეებს ახალი საგანი „მოქალაქეობა“ დაემატებათ. საგანს მეშვიდე კლასში შეასწავლიან და ის ბევრ აქტუალურ საკითხს შეეხება. ახალი საგნის ფარგლებში მოსწავლეები 5 თემას გაივლიან: თემს, რომელშიც ვცხოვრობთ; სასკოლო გარემო/სასკოლო საზოგადოება; ჯანსაღ ცხოვრება, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ეკონომიკურ ურთიერთობებს თემში.
რამდენად მნიშვნელოვანია „მოქალაქეობის“ სწავლება სკოლებში? - ამ საკითხზე სასაუბროდ ETALONI.GE სკოლის დირექტორებს ესაუბრა:
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის დირექტორი - ჯანსულ შაინიძე:
„სამოქალაქო შეგნების ასამაღლებლად „მოქალაქეობის“ სწავლება აუცილებელია. ჩვენ ახალ თაობას ვზრდით და სამოქალაქო განათლების გავლენის გაძლიერებას სკოლებში ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა ექნება. გარდა ამისა, აღნიშნული საგნის ცოდნა ადამიანს ყოველდღიურობაშიც სჭირდება და ქვეყნისთვისაც აუცილებელია, რადგან როგორი მოქალაქეებიც ეყოლება საქართველოს, ქვეყანაც ისეთი იქნება“.
ბათუმის N14 საჯარო სკოლის დირექტორი - ნატო გოგუაძე:
„მივესალმები „მოქალაქეობის“ სწავლებას სკოლებში, რადგან ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს მოქალაქედ ჩამოყალიბებას. აღნიშნული საგნის სწავლით მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს გაიგებენ, რომლებიც მომავალში მათ კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, საგანი მოსწავლეებს უსაფრთხოების ზომებისა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოქცევის წესების ათვისებაში დაეხმარებათ. ჩვენს სკოლაში „მოქალაქეობის“ სასწავლებლად პედაგოგები უკვე გვყავს შერჩეულები“.
აბაშის მუნიციპალიტეტის საგვაზავოს საჯარო სკოლის დირექტორი - რამინ ჯალაღონია:
„ყოველი ახალი საინტერესო სიახლე მისაღებია ჩემთვის. „მოქალაქეობის“ სწავლით ვფიქრობ, მოსწავლეები გათვიცნობიერდებიან, როგორ ააშენონ ახალი დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენს სკოლაში ახალ საგანს ისტორიის პედაგოგი ასწავლის“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი - მალხაზ წირღვავა:
„მიმაჩნია, რომ „ მოქალაქეობა“ საჭირო საგანია და მივესალმები ამ ინიციატივას. აღნიშნული საგნის პედაგოგი უკვე შევარჩიეთ, რომელიც შეხვდა გამომცემლობას და სახელმძღვანელოსაც გაეცნო“.
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექტორი - სვეტლანა ბოკუჩავა:
„ვფიქრობ, „მოქალაქეობის“ სწავლება სკოლაში სავალდებულოა, რადგან მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ თავიანთი უფლება-მოვალეობები. აღნიშნულ საგანს ჩვენს სკოლაში უფროსი პედაგოგი ასწავლის, შეძენილი გვაქვს საგნის სახელმძღვანელოებიც“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ბაგრატ ქადაგიძე:
„ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და ვფიქრობ, ყველა ბავშვს უნდა ესმოდეს, რა არის მოქალაქეობა. ჩემი აზრით, მოქალაქეობა მხოლოდ პასპორტის ქონას არ ნიშნავს, არამედ ამ საკითხზე საუბარი ფართოდ შეიძლება. ჩვენს სკოლაში აღნიშნული საგნის სწავლებასთან დაკავშირებით ვაკანსია გვაქვს გამოცხადებული და ვფიქრობ, მას ისტორიის სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი - ნაზო ბორჩაშვილი:
„ჩვენს სკოლაში „მოქალაქეობას“ სამოქალაქო განათლების კომპეტენტური პედაგოგი ასწავლის, რომელსაც უამრავი ტრენინგი აქვს გავლილი. მიმაჩნია, რომ, ამ საგნის სწავლება დღევანდელი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეობა, სამოქალაქო ცნობიერება უპირველესია ქვეყნის მომავლისა და წინსვლისთვის“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკობიანოს საჯარო სკოლის დირექტორი - ქეთევან გორელაშვილი:
„ძალიან კარგი ინიციატივაა და ვფიქრობ, ამ საგნის სწავლება ბავშვებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარებათ“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი - მამუკა მათიაშვილი:
„მივესალმები ყველა საინტერესო სიახლეს. მოქალაქეობის სწავლა მოსწავლეებს საშუალებას მისცემთ, უფრო კარგად ჩამოყალიბდნენ, როგორც საზოგადოების წევრი. ვფიქრობ, ამ საგნის სწავლით, ბავშვები მეტად ინფორმირებულები გახდებიან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენს სკოლაში „მოქალაქეობას“ ისტორიის პედაგოგი ასწავლის“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ცხრამუხის საჯარო სკოლის დირექტორი - ასმათ ბერიძე-კოპაძე:
„ყველა მოსწავლე დამოუკიდებელი პიროვნება უნდა გახდეს და ძალიან მნიშვნელოვანია მას ის უნარები გააჩნდეს, რასაც „მოქალაქეობა“ განუვითარებს. ამიტომ, მივესალმები ამ საგნის სწავლებას და ვფიქრობ, ყველა კლასში უნდა ისწავლებოდეს. ჩვენს სკოლაში მოქალაქეობას სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ასწავლის“.