მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ პენსიონერ პედაგოგებს ფულადი ჯილდო შესთავაზა, სკოლებს დაახლოებით, 6 000-მდე პენსიონერი მასწავლებელი დატოვებს, შედეგად კი, ვაკანტური ადგილების რაოდენობა გაიზრდება.
როგორც გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი აცხადებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა სოფლის სკოლებში ადგილობრივი კადრების მოძიება გაუჭირდეთ.
რამდენი ვაკანტური ადგილი რჩებათ და როგორ აფასებენ ახალი კადრების შესვლას სკოლაში, etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ.
ქალაქ გურჯაანის N 2 საჯარო სკოლის დირექტორი ლია გუგულაშვილი:
„მასწავლებლები ძალიან კმაყოფილი არიან, რომ სახელმწიფო მათ შრომას აფასებს. ბევრი ისეც ფიქრობდა წასვლას, მაგრამ უძნელდებოდათ და შეთავაზებით ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ, თან დაზღვევაც ძალიან მოსწონთ. ჩვენი სკოლიდან მხოლოდ ერთი მასწავლებელი წავიდა და მისი საათები შიგნით გადანაწილდება. ვაცხადებთ მხოლოდ ისტორიის პედაგოგის ვაკანსიას. ახალი კადრი ახალი მეთოდებით, ახალ მიდგომებზეა გაზრდილი და ვფიქრობ, რომ სკოლისთვის სასიკეთო შედეგების მომტანი იქნება. თან ბავშვებს ახალგაზრდებთან ურთიერთობა უხარიათ და უფრო ეადვილებათ. ჩვენთან არ იქნება კადრების მოძიების პრობლემა, რადგან ბევრი მასწავლებლობის მსურველია, ბევრი მეკითხება როდის და რა ვაკანსია დაიდება“.
ქალაქ ახმეტის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანული კრიხელი:
„პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, სამინისტროს მხრიდან ეს უდიდესი, დამსახურებული ნაბიჯია. ორი პენსიონერი პედაგოგი გავიდა ჯილდოთი სკოლიდან. თქვეს, რომ აღფრთოვანებული არიან ამ შეთავაზებით. გვყავს ერთი პენსიონერი პედაგოგი, რომელმაც გამოცდაზე გასვლა არჩია და ალბათ შემოდგომაზე კიდევ გავა გამოცდაზე. ასევე, გამიჩნდა ერთი ვაკანსია, მაგრამ შიდა ვაკანსიით გადანაწილდება. ვაკანსიას გამოვაცხადებთ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელთან დაკავშირებით. რადგან მათი ძალიან მცირე რაოდენობაა სერტიფიცირებული, ისტ-ში არა გვყავს სერტიფიცირებული პედაგოგი. შეიძლება ახალი სახე არ შემოვიდეს ჩვენ სკოლაში, მაგრამ მასწავლებლები უნდა მიხვდნენ, რომ ყოველდღიურად სიახლეები შეიტანონ სწავლებაში. ეს მოთხოვნა აქამდე ცოტა ლოიალური იყო, მასწავლებლები არც გადიოდნენ გამოცდაზე, რადგან არ თვლიდნენ ამას აუცილებლად. გამოცდაზე გასვლა იმას არ ნიშნავს, რომ საგანს თავიდან სწავლობ, მაგრამ ამ საგნის სიახლეს ეჭიდები, აწვდი ახლებურად. ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურზე, ჩვენთან შემოდის კოლეჯის რამდენიმე მიმართულება: კულინარია, გობელენი და თექა, ასევე, შემოდის სპორტის ძალიან დიდი პროექტი ფეხბურთის მიმართულებით და უამრავი სპორტული ინვენტარი, რომელიც რჩება სკოლას ამ პროექტის შემდეგ, კეთდება შიდა სველი წერტილები და ვითარდება როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, სწავლა-სწავლების ხარისხი და ამიტომაც, უნდა ვეცადოთ, რომ ის მოთხოვნა შევასრულოთ, რაც სახელმწიფოს აქვს ჩვენს მიმართ. გარდა ამისა, ჩემმა ბიოლოგიის მასწავლებელმა თამილა ჯანიბეგაშვილმა დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი მიიღო და ძალიან გაგვახარა, ასე რომ, ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს. არ ვთვლი, რომ რომელიმე სკოლას შესაძლოა კადრების დეფიციტი შეექმნას, კადრები ძალიანაც საკმარისია, დირექტორი რომ არ ვიყო, სიამოვნებით წავიდოდი სოფლის სკოლაში სამუშაოდ. დადონ ვაკანსიები და კადრი აუცილებლად გამოჩნდება, რადგან არის მოტივირებული ხალხი, რომლებსაც უნდათ სკოლაში მუშაობა, სკოლა უნდა გაიხსნას და ნახონ რამდენი შევა, თუ არადა, „ასწავლე და ისწავლე“ პროექტის ფარგლებში, ამ საკითხსაც მოაგვარებს სამინისტრო“.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ავალიანი:
„ვაკანსია მხოლოდ სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე გვაქვს გამოცხადებული, რამდენიმე მასწავლებელი კი მიდის, მაგრამ მათი საათები სკოლის კადრებზე გადანაწილდება. რაც შეეხება ახალი კადრების შემოსვლას, ვთვლი, რომ მისასალმებელია, რაც ერთგვარად ცვლილებას და საინტერესო სიახლეს ნიშნავს“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის საჯარო სკოლის დირექტორი ნორა ბუცხრიკიძე:
„ბევრი პენსიონერი პედაგოგი არ გვყოლია, მხოლოდ ერთმა მიიღო წასვლის გადაწყვეტილება. სოფლის სკოლები ცოტა მოგვიანებით გამოვაცხადებთ ვაკანსიებს, ჯერ შეგვიძლია შიდა გადანაწილებაც გავაკეთოთ. არაჩვეულებრივი შეთავაზებაა ასაკოვანი მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც ამდენ ხანს იმუშავეს სკოლაში. ეს მათი შრომის დაფასებაა და შემდგომშიც თუ გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება. ასევე, მივესალმები ახალ კადრს, ახალგაზრდა მასწავლებლებს! ჩემთან ვინც შემოსულა ახალგაზრდა, მათი უმეტესობა დასაყრდენიც კი გამხდარა ჩემთვის, იმიტომ, რომ ახალგაზრდა მაინც სხვანაირია, შემოაქვს ახალი იდეები... მეც მახსოვს ჩემი პირველი შესვლა სკოლაში, როგორ ვიყავი მაშინ, ძალიან დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით აღსავსე, ასე რომ, ახალგაზრდა კადრების შემოსვლას სკოლაში, მივესალმები!“
ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის დირექტორი ნანული მანჯგალაძე:
„სკოლისთვის მტკივნეულია მასწავლებლის წასვლა, მაგრამ ამაყიც ვარ, რადგან მათი შრომა და ღვაწლი დაფასდა. შინაგანად რა მოთხოვნაც გვქონდა, ეს მოთხოვნები, სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა დააკმაყოფილა. ჩემი სკოლიდან 11 მასწავლებელი წავიდა. მათ შორის, რამდენიმე თვის დანიშნული რომ ჰქონდა პენსია, - ისიც გამოცდაზე არ გასულა. იმ მოთხოვნის შესაბამისად, რომ ეს საგნები პროფესიონალმა სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა უნდა ასწავლონ, გვექნება ვაკანსიები ხელოვნების, მუსიკის და სპორტის გაკვეთილებზე, ასევე, გაიზარდა ბიოლოგიის საათები, გვექნება ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსია, დანარჩენად, ვეცადეთ, რომ დაგვეტვირთა ჩვენივე პედაგოგები. ველოდებით 6-7 ახალ მასწავლებელს, სიახლეებით და ახალი შესაძლებლობებით, თუმცა სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტშია ჩართული და იმდენი ცვლილება შევიდა დაწყებით საფეხურზე ყველა მიმართულებით, რომ ასე გვგონია, ყველანი ახლები ვართ!“