თბილისის N51 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
22-08-2019
თბილისის N51 საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ დღეს თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ ეს მანანა თურქაძის პირადი გადაწყვეტილებაა და სამინისტროსთვის დეტალები უცნობია.

მისი თქმით, მანანა თურქაძემ განცხადება დაწერა და სამეურვეო საბჭოს მიმართა, რის შემდეგაც საბჭომ მოთხოვნა დაუკმაყოფილა და ამჟამად სკოლაში ოფიციალურად თანამდებობას აღარ იკავებს.

„ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. დეტალები ჩვენც არ ვიცით, რადგან ეს სკოლის შიგნით მიმდინარე პროცესია. ჩვენი ინფორმაციით, მან დაწერა განცხადება და მიმართა სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭომ მოთხოვნა დაუკმაყოფილა და N51 სკოლაში ოფიციალურად თანამდებობას აღარ იკავებს. მოვალეობას მისი ერთ-ერთი მოადგილე იკავებს. გადაწყვეტილების მოტივზე საუბარი მასთან არ გვქონია“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

გავრცელებული  ინფორმაციით, მანანა თურქაძის გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპული დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სწორედ N51 სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203