„ხარისხი, გენდერული ბალანსი და მოტივაცია, მაინც ყველაფერი ანაზღაურებას უკავშირდება“ - მნიშვნელოვანი ინიციატივა დირექტორებისთვის
23-08-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიმდინარე სასწავლო წელს არაერთი ცვლილება დაანონსდა, ზოგიც უკვე ამოქმედდა. მათ შორის, უწყების ინიციატივით, პენსიონერ პედაგოგებს მიეცათ არჩევანის საშუალება, გასულიყვნენ მასწავლებლის კომპენტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე, ან მიეღოთ ორი წლის ჯამური ხელფასი შესაბამისი დანამატით, რის შედეგადაც სკოლებში გაჩნდა ვაკანტური ადგილები და გარკვეული რაოდენობის ახალი კადრების მოზიდვის საშუალება; მომავალი წლის დასაწყისიდან უქმდება კრედიტქულები, რაც აქამდე მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებაში ეხმარებოდა; გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ქვეყნის 62 სკოლაში დაინერგა „ახალი სკოლის მოდელი“, რაც სექტემბრიდან ეტაპობრივად უნდა გაგრძელდეს; განათლების დაფინანსების ზრდა, კი, რაც ახლაც მიმდინარეობს, მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც მოიაზრებს.

როგორ აფასებენ აღნიშნულ ინიციატივებს და რომელ მათგანს ანიჭებენ უპირატესობას, - etaloni.ge- სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ:

ქალაქ თბილისის N 26 საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გაბაიძე:

„ეს ყველა სიახლე ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ხელფასების ზრდა კარგია, მაგრამ საუბარია იმაზე, ვინ როგორ დაიმსახურებს, რაც ახალ სქემაზეა მიბმული. ასევე, მისასალმებელია კრედიტქულების გაუქმებაც, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ კრედიტებს აგროვებდნენ, თუ გამოცდებს აბარებდნენ მასწავლებლები, შემდეგ თითქოს ჩერდებოდნენ და მოტივაციაც ეკერგებოდათ. ახალი სქემის მიხედვით კი, მუდმივ განვითარებას ითხოვენ პედაგოგისგან, სადაც არა მხოლოდ საგაკვეთილო, არამედ არასაგაკვეთილო აქტივობებიც იგულისხმება, რაც ძალიან სჭირდება სკოლას და ბავშვების განვითარებას. აუცილებელია სკოლის განახლება-გაახალგაზრდავება, უნდა შემოვიდნენ ახალი კადრები, ოღონდ უნივერსიტეტებმა მათ საგნობრივ ცოდნაზე უნდა იზრუნონ. დარღვეულია სკოლებში გენდერული ბალანსი და ხელფასების ზრდა, ალბათ, დამატებითი მოტივაცია გახდება იმისათვის, რომ მეტი მამაკაცი შემოვიდეს სკოლაში.  ხარისხი, გენდერული ბალანსი და მოტივაციაც, მაინც ყველაფერი ანაზღაურებას უკავშირდება“.  
აბაშის მუნიციპალიტეტის მარანის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა პიტავა:

„ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მივესალმები. ახალი კადრების შემოსვლა აუცილებელია, მე არ ვამბობ იმას, რომ ხანდაზმულმა პედაგოგებმა საქმე ცუდად იციან, მაგრამ ახლებური მიდგომა, ახალი აზროვნება, ინოვაციური მეთოდები სჭირდება სკოლას, მივესალმები ახალ კადრებს. მივესალმები, პენსიონრების ასე დამსახურებულად გასვლას სკოლიდან, ხელფასების ზრდა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ ვართ ხალხი, ბავშვების სამსახურში და კიდევაც რომ არ გაიზარდოს ხელფასი, მაინც უნდა ვემსახუროთ მომავალ თაობას. ჩვენ, როგორც ექიმებს, არა გვაქვს უფლება, ხელფასზე დავიწუწუნოთ და ამ მოტივით ყურადღება მოვადუნოთ. კრედიტქულები ცოტა სიმბოლურ ხასიათს ატარებს და კარგია თუ გაუქმდება, რადგან ყოველდღიურად ისეთი გაკვეთილის ჩატარება, რითაც მასწავლებელმა კრედიტქულა უნდა დაიმსახუროს, ძალიან ძნელია სკოლების მდგომარეობიდან გამომდინარე. სკოლებს არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არა გვაქვს ლაბორატორიები, თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა რომ მივაწოდოთ ბავშვებს, ამის საშუალება არის. ძალიან კარგია, რომ კრედიტქულები უქმდება, უფრო კარგი იქნება მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება, სამოდელო გაკვეთილების ჩატარება, ჩვენება, თუნდაც ადგილზე მოსვლა, დასწრება და ასეთი აქტივობების განხორციელება“.

აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ გრიგოლია:

„ყველა ეს ცვლილება აუცილებელი და დროულია. ძალიან კარგია, რომ პენსიონერ მასწავლებლებს დიდი სიურპრიზი გაუკეთეს და ღირსეულად გაუშვეს სკოლიდან. მისასალმებელია ახალი სკოლის მოდელი, იმიტომ, რომ შესაცვლელია ის ძველი სტერეოტიპები, რაც დღემდე ისევ არის შემორჩენილი. ხელფასის ზრდა კი, თავისთავად, მოტივაციისთვის აუცილებელია“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი დონალდ ძაგანია:

„ახალი სკოლის მოდელი მაინტერესებს ძალიან. გავეცანი ამ პროექტის მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს და ძალიან მომწონს. მოუთმენლად და დიდი იმედით ველოდები, როდის შემოვა ჩვენთან. იმედი მაქვს, რომ იანვრიდან მაინც ჩაჯდება ჩვენი სკოლა ამ პროექტში. ზოგადად, ძალიან დაინტერესებული ვარ სიახლეებით, მიყვარს ასეთ საკითხებზე მუშაობა და მინდა უკეთესი შედეგი მივიღო ახალი სკოლის მოდელის მიხედვით. ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულიც ეს არის.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღორეშის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბარბაქაძე:

„ყველა ეს სიახლე ძალიან აქტუალური, აუცილებელი და გასათვალისწინებელია. მნიშვნელოვანი საკითხია როგორც კრედიტქულების გაუქმება, ასევე, ახალი კადრების მოზიდვა სკოლაში. რაც შეეხება ჯილდოს, ხანდაზმული პედაგოგებისთვის ეს მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარია. ახალი სკოლის მოდელი კი, სკოლის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია და რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ წარმატებული სკოლისთვის ყველაფერი კეთდება.“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპასოვკის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ვანაძე:

„მისასალმებელია ახალი კადრების შეყვანა სკოლაში და ხელფასების ზრდა. სპეციალობით სპორტის სპეციალისტი ვარ და დაწყებითებში სპორტის ერთი საათი დაამატეს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ხელშეწყობა უნდა იყოს ინვენტარზე, სპორტული ბაზა უნდა შეიქმნას. სპორტის გაკვეთილებს 95 პროცენტი არასპეციალისტი ასწავლის და ტყუილად იხარჯება თანხები! ვინ ასწავლის, რას ასწავლიან, არავინ იცის! სპეციალისტებს კი, ვისაც გვესმის ეს საქმე, ბაზა და ნორმალურად მუშაობისა და განვითარების პირობა არა გვაქვს. აუცილებელია ნებისმიერ სფეროში იყოს სპეციალისტი და მხოლოდ ხელფასი არ უნდა იყოს პედაგოგისთვის სამსახური, შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი:

„პრაქტიკოსი მასწავლებლები არ გვყავდა და არც ვაკანსიები გვაქვს ამ ეტაპზე, მაგრამ მაძიებლობის სისტემას ვანიჭებ უპირატესობას. სამწუხაროდ, ჩვენი სკოლა ამ ეტაპზე არ შეირჩა ახალი სკოლის მოდელის პროექტში ჩასაბმელად, მაგრამ სექტემბრიდან ვეცდებით,  გავიზიაროთ ის მითითებები და კონსულტაციები, რასაც ეს ჯგუფები ნერგავენ. ამჯერად სკოლაში მიმდინარეობს პირველი ეტაპის სარემონტო სამუშაოები. ძირითადად, ამაზე ვართ გადართული, დაგვიმონტაჟეს გათბობის სისტემა, შეგვიცვალეს კარ-ფანჯრები, სახურავი, გაგვიკეთეს ახალი საპირფარეშო, პანდუსები... ანუ ახალი სასწავლო წლისთვის სიახლეები გვექნება, რაც გარკვეულ სტიმულს მისცემს როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს. ზოგადად, თუ უფრო მოქნილი იქნება ის სისტემა, რითაც მასწავლებლები დანამატს იღებენ და ხელფასების ზრდა თუ დარჩება პრიორიტეტად, ძალიან კარგი იქნება. ფულით არ განისაზღვრება მასწავლებლობა, მაგრამ მასწავლებლების უკანაც დგანან ოჯახები“.

დაბა ხარაგაულის N 3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე:

„ზოგადად, ნებისმიერი რეფორმა პრიორიტეტულია, იმიტომ, რომ თუ ყოველდღე არ იბადები, მაშასადამე, ყოველდღე კვდები. განათლების სისტემა ის სფეროა, სადაც თანამედროვეობის მაჯისცემაზე უნდა გვედოს ხელი. ფაქტია, რომ ძალიან დაბერებული კოლექტივები არსებობდა უკვე სკოლებში, რაც ახალი კადრების აუცილებლობას მიანიშნებდა, მაგრამ აქაც, როგორც ყველგან, გვჭირდება ოქროს შუალედი, ზომიერება. ვთვლი, რომ დღევანდელი რეფორმა სისტემურია, სადაც ცოტ-ცოტა ყველაფერია გათვლილი. ნამდვილად კარგად ხედავენ სკოლის საჭიროებებს. რაც შეეხება კრედიტქულების დაგროვების გაუქმებას, მივესალმები, რადგან როგორც შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელი და როგორც სკოლის დირექტორი, ვხედავდი, რომ მასწავლებლები ხშირად ტრენინგებზე  მხოლოდ კრედიტქულების მისაღებად მიდიოდნენ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ტრენინგებზე საჭიროებიდან და არა კრედიტქულებიდან გამომდინარე. ტრენინგი რომ ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია, ვთანხმდებით, ოღონდ ეს არ უნდა იყოს კრედიტქულებზე მიბმული. ის, რომ მასწავლებელი გამოცდაზე გავა და მარტივად დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს, სტატუსის მომატების თვალსაზრისით, ბუნებრივია, მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ გამოცდაზე კარგ შედეგს აჩვენებ, იგივე შეიძლება კლასშიც განახორციელო. ამიტომ ვთვლი, რომ უნდა იყოს გამოცდაც, გაკვეთილებიც, გარე დაკვირვებაც ერთობლიობაში მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმი. რაც შეეხება პენსიონერი მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ ჯილდოს, ვთვლი, რომ ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დიდი მიღწევა. მივესალმები ასეთ გონივრულ ნაბიჯებს.“

ქალაქ ბოლნისის N 2 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ადამია:

„ამ ეტაპზე ჩემი სკოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი მასწავლებლების მოძიებაა, რადგან სომხურენოვანი სკოლაა და სექტემბრიდან მიდის 4 მასწავლებელი, რომლებიც გამოცდაზე გავიდნენ და ჯილდო აირჩიეს. იანვრიდან კიდევ 2 მასწავლებელი წავა, ანუ 6 მასწავლებელი დამჭირდება სამომავლოდ. პრობლემა ისაა, რომ სომხურენოვანი სერტიფიცირებული პედაგოგი ცოტაა და ასეთი კადრები ადგილზე არ გვყავს. თუ თბილისიდან არ გამოგვიგზავნიან, ალბათ გაგვიჭირდება.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203