რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა წარმატების მისაღწევად?
26-08-2019

სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს და მიიღოს სათანადო განათლება, თუმცა „ნიჭს ზრდა, წვრთნა, გახსნა და გაშლა უნდა“.

რა პროექტებს ახორციელებს დღევანდელი სასკოლო სისტემა მოსწავლეთა აკადემიური ხარისხის გასაუმჯობესებლად და როგორ ეხმარება სკოლა მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული შედეგების მისაღწევად? - ამ საკითხებზე სასაუბროდ ETALONI.GE სკოლის დირექტორებს ესაუბრა:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერევის  საჯარო სკოლის დირექტორი - მერაბ ასანიძე:

„იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული შედეგები აჩვენონ, ჩვენი სკოლა დამატებით მეცადინეობებს ახორციელებს. მოსწავლეებს მეცადინეობებს ჩვენი სკოლის პედაგოგები უტარებენ. წელს, ჩვენი სკოლის ორი აბიტურიენტიდან ორივე მათგანმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები“.

თბილისის N122 საჯარო სკოლის დირექტორი - მედეა ქოქრაშვილი:

„ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეების კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. გარდა ამისა, სკოლაში ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც მოსწავლეებს საკითხების კარგად გააზრებაში ეხმარებათ. ბავშვებს საშუალება ეძლევათ, ისწავლონ კრიტიკული აზროვნება და წარმოდგენები შეიქმნან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიღწევებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ჩემი ინფორმაციით, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული შედეგები აჩვენეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“.

გორის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი - მიმოზა ღოლიჯაშვილი:

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მივაღებინოთ. თუ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ესაჭიროებათ დამატებითი მეცადინეობა, ჩვენი სკოლის პედაგოგები ყოველთვის მზად არიან იმისთვის, რომ სრულიად უსასყიდლოდ მოამზადონ ბავშვები აღნიშნული გამოცდებისთვის. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა წლევანდელი შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ“.

გორის მუნიციპალიტეტის ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორი - ქეთევან ცერცვაძე:

„ჩვენი სკოლის პედაგოგები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეებს სრულიად უსასყიდლოდ უტარებენ დამატებით გაკვეთილებს. შედეგად,  მოსწავლეებს გამოცდებზე 100%-იანი მიღწევები აქვთ“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზენითის საჯარო სკოლის დირექტორი - ვაჟა ქათამაძე:

„თუ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დამატებითი მეცადინეობა ესაჭიროებათ, ჩვენი პედაგოგები ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად. მოსწავლეთა წლევანდელი მიღწევებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, კმაყოფილი ვარ“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორი - საულ სულაბერიძე:

„ჩვენს სკოლაში აბიტურიენტების მოსამზადებლად დამატებითი მეცადინეობები ტარდება, რომლის მიხედვითაც, სკოლის ყველა პედაგოგს მოსწავლეების მეცადინეობისთვის შემუშავებული აქვთ ინდივიდუალური გრაფიკი. ბავშვები აღნიშნული მეცადინეობით კმაყოფილები  არიან. გარდა ამისა, მეორე, მესამე საფეხურზე ვატარებთ შიდა გამოცდებს, რომლის დროსაც გამოცდებისთვის ვადგენთ ტესტებს. შესაბამისად, მოსწავლეები აღნიშნული გამოცდებისთვის მომზადებულები არიან. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს მივაღებინოთ საბაზო განათლება იმისთვის, რომ პირველივე ცდაზე მოხვდნენ მათთვის სასურველ სასწავლებელში. ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული შედეგები აჩვენეს“.  

კერძო სკოლა „მილენიუმის“ საჯარო სკოლის დირექტორი - ელზა ლეკვეიშვილი:

„ჩვენ სწავლების მაღალ ხარისხზე ვართ ორიენტირებულები. ამიტომ, ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ისეთ მაღალ დონეზე მიმდინარეობს, რომ მოსწავლეებს დამატებითი მეცადინეობები აღარ ესაჭიროებათ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ჩვენი სკოლის  მოსწავლეებს ყოველთვის კარგი შედეგები  აქვთ. წელს, 6 აბიტურიენტიდან, ყველა მოსწავლე უმაღლესი შედეგებით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში“.

გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლის დირექტორი - მზია ოხანაშვილი:

„ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. 5 წელია, რაც ამ სკოლის ხელმძღვანელი ვარ და მოსწავლეთა მიღწევებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყოველთვის კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება წლევანდელ შედეგებს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგებით, ნამდვილად გამორჩეულია, რადგან  მოსწავლეებმა გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს “.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი - იოსებ ბიბინიძე:

„ვფიქრობ, ერთიანი ეროვნული გამოცდების თვალსაზრისით, სასკოლო რეფორმები დიდ წარმატებებს მოგვიტანს, რადგან ჩვენს სკოლაში საშუალო სპეციალური განათლებით მუშაობდნენ პედაგოგები, რომლებიც მასწავლებელთა კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდებს ვერ აბარებენ. პროფესიონალიზმის გაზრდა პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა სასკოლო წარმატებებთან. წელს, 1 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში და ვთვლი, რომ ცუდი შედეგი არ არის. გარდა ამისა, სკოლაში ვგეგმავთ წრეობრივი მუშაობის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებასა და განვითარებას. სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების მიხედვით, გვსურს, ჩავატაროთ ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლადაც. განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტების ნაწილს ვახორციელებთ და მიმდინარე წელსაც ვგეგმავთ, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებას“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის დირექტორი - მანონი მამულაიშვილი:

„აკადემიური ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენს სკოლაში ტარდება ტესტირება საბაზო და საშუალო საფეხურზე. წლის ბოლოს კი წლის გამოცდებს ვატარებთ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა მიღწევები დამაკმაყოფილებელია. ჩვენი სკოლის თითქმის ყველა აბიტურიენტი აბარებს გამოცდებს. აქედან გამომდინარე, შედეგებით ნამდვილად კმაყოფილები ვართ. ჩვენს სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს და წელს, მოსალოდნელია მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობის გაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა აკადემიური ხარისხი სკოლაში თანდათანობით იზრდება“.

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - მერაბ ფურცელაძე:

„სკოლა იმისთვის არსებობს, რომ მოსწავლეებს დაეხმაროს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მიღწევაში. თუ აბიტურიენტებს ინდივიდუალურად ესაჭიროებათ მეცადინეობები, ჩვენი სკოლის პედაგოგები ყოველთვის მზად არიან, უსასყიდლოდ მოამზადონ მოსწავლეები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. წელს, ჩვენი სკოლის ყველა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები“.

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი - მარინა ისკაკოვა:

„იმისთვის რომ მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული შედეგები აჩვენონ, მთავარი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაა. ჩემი აზრით, მოსწავლეთა აკადემიური ხარისხის გასაუმჯობესებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი უახლესი  მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვებზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარებაა. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ პედაგოგებმა სასკოლო პროცესში გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები და სწავლის მოტივაცია გაუზარდონ მოსწავლეებს. გარდა ამისა, სკოლას პროექტების სწავლების დიდი პრაქტიკა გააჩნია. ვახორციელებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეები კონსტრუქციული მიდგომებით თვითონ ზრდიან თავიან მოტივაციას და ემზადებიან გაკვეთილისთვის. სკოლაში არსებობს მრავალი კლუბი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ იმეცადინონ სხვადასხვა მიმართულებით.

იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ქართული ენა და ლიტერატურა აინტერესებთ, ჩვენს სკოლაში დრამატული წრე არსებობს თეატრის სახით. პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სკოლაში  Microsoft-ის მიერ დაფინანსებული კოდინგის წრე გვაქვს, სადაც ბავშვები პროგრამირების პირველ საფეხურებს სწავლობენ. ჩვენს სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კლუბიც არსებობს და შესაბამისად, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ბუნებისმეტყველების შესწავლა სურთ, აღნიშნულ კლუბში საშუალება ეძლევათ განავითარონ თავიანთი ცოდნა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში იგეგმება დაფინანსებული პროექტი, რომელიც ჩვენს სკოლაში ახალი საფეხურის დანერგვას უზრუნველყოფს. პროექტი გულისხმობს სკოლიდან პირდაპირ მეორე კურსზე გადასვლას, თუმცა ინიციატივა ეხება მხოლოდ იმ პროფესიებს, რომლებიც საქართველოში რეიტინგული არ არის. ამ ეტაპზე, უკვე მიმდინარეობს აღნიშნულ პროექტზე მუშაობა და სავარაუდოდ, ოქტომბრიდან დაინერგება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203