არასდროს იყო მისაღები საბუნებისმეტყველო საგნების კომბინირებულად მიწოდება - დირექტორების შეფასებები
27-08-2019

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სხვა არაერთ სიახლესთან ერთად, ცვლილება შეეხო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას. კონკრეტულად, მეშვიდე კლასში აქამდე არსებული კომბინირებული საგანი „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები“, 2019-2020 სასწავლო წლიდან დიფერენცირდება, - მეშვიდე კლასში ბიოლოგია და ფიზიკა დამოუკიდებელ საგნებად შემოვა, ხოლო ქიმია მერვე კლასიდან დაემატება.

აღნიშნულ ცვლილებას Etaloni.ge-ს მიერ გამოკითხული სკოლების დირექტორები ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ:

მარტვილის მუნიციპალიტეტის ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი მანანა შავდია:

„საბუნებისმეტყველო საგნების საფუძვლები კი ერქვა, მაგრამ სამი საგანი იყო გაერთიანებული და ასწავლიდა ერთი მასწავლებელი. ჩვენს შემთხვევაში ეს იყო ძალიან კარგი და კვალიფიციური მასწავლებელი საბუნებისმეტყველო საგნისა, მაგრამ სხვა საგნებიდან იქ ძალიან ბევრი საკითხი შედიოდა და ჯობდა, ცალ-ცალკე ესწავლებინათ. რა თქმა უნდა, უკეთესია მათი დიფერენცირება, რადგან შეუძლებელია ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ერთმა მასწავლებელმა ასწავლოს და ეს სწავლება იყოს სრულყოფილი. ძალიან გამიხარდა, რომ საგნები გააცალკევეს“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი:

„ჩემს სკოლაში ამ საგნებს ორი მასწავლებელი ასწავლიდა. ფიზიკას ასწავლიდა მათემატიკის მასწავლებელი, ბუნებას და ქიმიას კი, - თავისი სპეციალისტი. ჩემთვის არ იყო კომფორტული ეს კომბინირებული სწავლება, ასე გავანაწილე და ძალიან კარგი შედეგიც მივიღე. ცვლილებას, რა თქმა უნდა, მივესალმები“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორი ვეფხვია ლომიძე:

„მივესალმები ამ ცვლილებას. რა თქმა უნდა, ქიმიას ქიმიის სპეციალისტი უნდა ასწავლის, ფიზიკას, - ფიზიკის და ბიოლოგიას, - ბიოლოგიის. ჩვენთან ამ საგანს ბიოლოგიის მასწავლებელი ასწავლიდა, მაგრამ ჩემი აზრით, არ შეიძლება სამი საგანი ერთი საგნის სპეციალისტმა სრულფასოვნად ასწავლოს“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან გაბაიძე:

„კომბინირებულ საგანზე ერთი მასწავლებელი მყავდა და რთული იყო, რადგან ამ მასწავლებელს უნდა ჰქონოდა გამოცდილება როგორც ქიმიის, ასევე ბიოლოგიის და ფიზიკის სპეციალისტის.. მეშვიდეში, ამ საგნების პირდაპირ კომბინირებულად დაწყება არ იყო მისაღები, როცა საგნობრივად დაიწყება მათი სწავლება და მასწავლებელი სიღრმისეულად შესწავლის თითოეული საგნის საფუძვლებს, შემდეგ უკვე შეიძლება, მერვე კლასში იყოს კომბინირებული“.

ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა თარალაშვილი:

„ჩვენთან ერთი პედაგოგი გადამზადდა ამ კომბინირებული საგნისთვის, თუმცა მივესალმები, რომ დაიწყო მათი დიფერენცირება. ამ შემთხვევაში თითოეული სპეციალისტი თვლიდა, რომ მისი საგნის ელემენტები მეტი იყო შესული. არადა ყველა საგნის ელემენტები იყო და ერთ სპეციალისტს მართლაც უჭირდა მისი სწავლება. ასე რომ, კარგია, მომწონს და მივესალმები ამ ცვლილებას ეროვნულ სასწავლო გეგმაში“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ცერცვაძე:

„ჩემი აზრით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისაც, ამ საგნების დიფერენცირებული სწავლება უფრო მისაღებია. როცა ბავშვი საგნის სწავლას იწყებს, საფუძვლიანად უნდა ისწავლოს და გაიგოს ის

სპეციალისტისგან, რათა შეუყვარდეს. მშენებლობის საძირკველი ყოველთვის მყარი უნდა იყოს, რომ ზედ კარგი სახლი დაშენდეს და საგნის სწავლებაც ასეა. მასწავლებლისთვისაც არაკომფორტული იყო ეს კომბინირებული სწავლება და ხშირად ბავშვებისთვისაც ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გაუგებარი რჩებოდა“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი:

„ძირითადად, სამივე საგნის სწავლება მიმდინარეობდა ზოგადი საკითხების შესახებ. ვფიქრობ, რომ ახლა უფრო კონკრეტულად შეისწავლიან ამა თუ იმ საკითხს და უკეთესად მომზადდება ბაზა  საბუნებისმეტყველო საგნების შემდგომ უკვე მთლიანი საფუძვლების შესასწავლად. სკოლას არ ჰყავდა ისეთი პედაგოგი, რომელიც სამივე საგანს კვალიფიციურად ძლევდა. ჩვენთან ამ საგანს ფიზიკის მასწავლებელი ასწავლიდა, რომელიც ხშირად გადიოდა კონსულტაციებს სხვა სპეციალისტებთან და ასე აწვდიდა საკითხს ბავშვებს. თავისთავად ცხადია, როცა კვალიფიციური კადრი მიაწვდის მოსწავლეს ამ საგნების საფუძვლებს, უკეთესია. არასდროს იყო მისაღები საბუნებისმეტყველო საგნების ასე კომბინირებულად მიწოდება, რადგან რთული საგნებია და თუ ბავშვმა თავიდანვე ვერ გაიგო, მათი სწავლა გაუჭირდება“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახურცილაოს საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ადამია:

„მე თვითონ ბიოლოგი ვარ და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. არ იყო მიზანშეწონილი, რომ მაგალითად, ბიოლოგს ფიზიკის ელემენტები ესწავლებინა, რაც საჭიროა, რომ ცოტა სხვა კუთხით მიაწოდო ბავშვს. უჭირდათ მასწავლებლებს და არც ბავშვებისთვის იყო გასაგები და ეფექტური “.

ქალაქ ბათუმის N 25 საჯარო სკოლის დირექტორი ნანული დიდმანიძე:

„როცა მასწავლებელი ფიზიკაში, ბიოლოგიაში თუ ქიმიაში გაკვეთილს ატარებს და საგანი ამას მოითხოვს, ის ბუნებრივად ავლებს პარალელს სხვა საბუნებისმეტყველო საგნებთან და მათ ინტეგრირებას აკეთებს, მაგრამ სამივე საგნის ერთად სწავლება, ერთი სპეციალისტის მიერ, დასაწყისისთვის, ძალიან რთული და არაეფექტურია. შეიძლება ვერ გაიგოს და სულ შეიძულოს ეს საგნები ბავშვმა. მე ძალიან მაინტერესებდა, თუ კონკრეტულად რა იყო ეს კომბინირებული საგანი და ჩავიხედე, წავიკითხე, ბავშვის თვალით მინდოდა დამენახა. მართალია, ზოგიერთ საკითხში ბავშვები ჩვენზე ყოჩაღები არიან, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მათი კომბინირებულად სწავლება არ იყო ეფექტური“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203