„ახალგაზრდა კადრების შემოსვლა სკოლაში არის ერთგვარი „სისხლის გადასხმა“ – წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი
28-08-2019

პენსიონერ მასწავლებელთა ჯილდოზე წარდგენას და სკოლისადმი მინიჭებულ უფლებებს, მიიღონ მოსწავლეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, საგანმანათლებლო სისტემაში ყველაზე დიდ მონაპოვრად მიიჩნევს, ამ ზაფხულს კი, -  წარმატებულად, რადგან მისი სკოლის თითქმის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. თვლის, რომ სკოლებს დიდი თავისუფლება და არჩევანი აქვთ, მთავარია დროს არ ჩამორჩნენ. ელოდება „ახალი სკოლის მოდელს“, რადგან ფიქრობს, რომ ის მოსწავლეებს მეტ შესაძლებლობებს მისცემს, სწავლის პროცესს კი, მეტად შემეცნებითს გახდის.

განათლების სისტემაში მიმდინარე და დაანონსებულ სიახლეებს etaloni.ge-სთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ქარცივაძე აფასებს:

- ძალიან კარგი, წარმატებული და პროდუქტიული იყო გასული სასწავლო წელი და ეს ზაფხული ჩემი სკოლისთვის. ჩვენი კურსდამთავრებული 12 მოსწავლიდან 11 სტუდენტი გახდა. ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მოიხსნა საატესტატო გამოცდები, ყველა მოსწავლემ, წლიური დადებითი შეფასებების საფუძველზე, მიიღო ატესტატი და უფლება, უმაღლეს სასწავლებელში ჩაებარებინა, ის განცდები და ემოციები, ის დრო, რასაც საატესტატო გამოცდებზე ხარჯავდნენ, სრულიად ეროვნულ გამოცდებზე მიმართეს და ალბათ, ამიტომაც...

- რა სიახლით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს?

- იმ საყოველთაო სიახლეების გარდა, რასაც სამინისტრო გვთავაზობს, მივიღეთ წვრილმანი დაფინანსებები, როგორც აჭარის განათლების სამინისტროდან, ასევე თბილისიდან. გასულ წელს საპირფარეშოების კეთილმოწყობა დამიფინანსეს და გავარემონტე, წელს კი ერთი მოთხოვნის საფუძველზე, 850 კვადრატული მეტრი ფართობის სკოლის სახურავი შემიცვალეს, შემოაქვთ ახალი მერხები. დიდი ხელშეწყობა გვაქვს იმისათვის, რომ ახალი სასწავლო წელი წარმატებით დავიწყოთ.

- ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბოლო დროს დაანონსებულ ცვლილებებს როგორ შეაფასებდით? ამ შემთხვევაში საათობრივ ბადეს ვგულისხმობ, რაც სკოლების მეტ დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს.

- მისასალმებელია, რომ უშუალოდ სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე საათობრივი ბადე შემოგვთავაზეს. სკოლა როგორც ჩათვლის, რომ ბავშვებისთვის უკეთესი იქნება, ისე გადაწყვეტს. საათობრივ ბადეში, ამ ეტაპზე, სპეციალისტები რომ გვყავდეს, რუსულ ენას ამოვიღებდი და ჩავანაცვლებდი, მაგალითად, ჩინური ენით. რადგან მოთხოვნა არის ამ ენის სწავლებაზე, მაგრამ არ გვყავს სპეციალისტი. დიდი ბაზარი აქვს ჩინეთს და ამიტომ ახალგაზრდებსაც აინტერესებთ.

გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ახალი საგანი „საზოგადოება“, რაც ახლა მეშვიდე კლასში შემოდის, იმიტომ, რომ მესამე-მეოთხე კლასებში შარშან „მე და საზოგადოება“ შემოვიდა და მიუხედავად მისდამი უნდობლობით განწყობილი ადამიანებისა, ძალიან გაამართლა. ერთი წლის განმავლობაში საბოლოოდ დარწმუნდნენ მშობლებიც, რომ „მე და საზოგადოება“ ნამდვილად ბავშვზე ორიენტირებული საგანია, რაც ბავშვის ცნობიერების გაფართოვებას და სამომავლოდ, მის საზოგადოებაში ინტეგრირებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ეს ახალი საგანიც ამავე მიზნებს ითვალისწინებს.

უდიდესი მიღწევაა ასევე ის, რომ სკოლებსა და პედაგოგებს სრული უფლება აქვთ, თავიანთი ხედვის შესაბამისად, ბავშვზე ორიენტირებულად, მიიღონ გადაწყვეტილება და აირჩიონ გრიფირებული სახელმძღვანელოები. სკოლებს დიდი თავისუფლება და არჩევანი აქვთ, მაგრამ საჭიროა, რაც შეიძლება მეტად იაქტიუროს დირექტორმა და დროის მოთხოვნებს არ ჩამორჩეს.

- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ცვლილება შეეხო ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას, კერძოდ, მეშვიდე კლასში აქამდე არსებულ კომბინირებულ საგანს „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს“ . ამ ცვლილებას როგორ შეაფასებდით? 

- ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, საათების განაწილება მეშვიდე კლასში, სწორედ ამ საგნის გამო, კათედრებისთვისაც  კი პრობლემად რჩებოდა, იმიტომ, რომ ხან ფიზიკის, ხან ქიმიის, ხანაც ბიოლოგიის მასწავლებელი იყო უკმაყოფილო, რადგან ყველას უნდოდა ამ საათების აღება. ახლა ეს დაიყო, რაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლებისთვის.  

- გასული წლის მეორე სემესტრიდან ქვეყნის 62 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“, დაინერგა, რაც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს... თქვენი სკოლა ხომ არ ერთვება პროექტში ამ ეტაპზე?

- ჯერჯერობით ჩემი სკოლა ვერ ერთვება პროექტში, მაგრამ მეზობელი სკოლა გადის და იქ ვაკვირდებით, დავდივართ, ვიზიარებთ მათ გამოცდილებას, აზრებს და ძალიან მოგვწონს. ვთვლი, რომ ოცდამეერთე საუკუნის მონაპოვარი სწორედ ეს არის. ეს არის რეალურად ახალი სკოლა, რაც ნიშნავს მეტ მზაობას, მეტ ინტერესს, პიროვნულ თავისუფლებას და სითამამეს მოსწავლეებისთვის, მეტ შესაძლებლობებს, ლაღად და ხალისით სწავლებას, კომპლექსებისგან გათავისუფლებას, რაც ხშირად აქვთ ბავშვებს. პროექტის შემოსვლას სკოლაში დიდი ენთუზიაზმით ველით.

- ახალი სასწავლო წლიდან, ალბათ, ახალი პედაგოგებიც გეყოლებათ, სამინისტროსგან შეთავაზებული ჯილდო თქვენი სკოლის რამდენმა მასწავლებელმა აიღო?  

- რა თქმა უნდა, გვაქვს გამოცხადებული ვაკანსიები და ველოდებით ახალ მასწავლებლებს, მაგრამ ყველაზე დიდი მონაპოვარი განათლების სისტემაში, რაც აქამდე არავისგან გვახსოვს, ვფიქრობ, რომ სწორედ პენსიონერ პედაგოგთა ჯილდოზე წარდგენა იყო. ეს საქართველოს ისტორიაში, განათლების სამინისტროს მხრიდან, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩემი სკოლიდან ოთხი მასწავლებელი გავიდა დამსახურებულად პენსიაზე. მათ შორის ერთს 40 წლის, ერთსაც 35 წლის მუშაობის სტაჟი აქვს. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ზარ-ზეიმით აცილებს სახელმწიფო სკოლიდან ასაკოვან მასწავლებლებს.

მართალია, უკვე 9 წელია, იყო შესაძლებლობა, რომ მასწავლებელს თავისი კომპეტენცია დაედასტურებინა, მაგრამ სამინისტრო და მთავრობა ისე გონივრულად მიუდგა საკითხს, რომ წელს კიდევ ორჯერ მისცა მათ ამის საშუალება. არ არიან უკმაყოფილო, რადგან აქ ლაპარაკია საგანის ცოდნაზე და არა უნარზე. თუ ვერ ამტკიცებ კომპეტენციას საგანში, მაშინ არაა შენი ადგილი სკოლაში.

ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ამ ჩანაცვლების შედეგად, სკოლაში ახალგაზრდა კადრები შემოვლენ, რასაც დიდი იმედებით და ინტერესით ველოდებით. ვთვლი, რომ ეს არის ერთგვარი „სისხლის  გადასხმა“, ახალი შესაძლებლობები, გაჯანსაღება და საუკეთესო საშუალება კიდევ მეტი წარმატების მისაღწევად. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203