დღევანდელ რეალობაში უამრავი აქტუალური პრობლემაა მოსაგვარებელი, თუმცა მათგან ერთ-ერთი გამორჩეული განათლების სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზებია.
ინფრასტრუქტურული პრობლემები, გაუმართავი ინტერნეტი, კლასების გადატვირთულობა - ეს იმ მცირე პრეტენზიების ჩამონათვალია, რომლებიც მშობლებს სკოლების მიმართ გააჩნიათ.
Etaloni.Ge სკოლაში არსებულ ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ხარვეზებთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებს ესაუბრა.
გორის მუნიციპალიტეტის თორტიზის საჯარო სკოლის დირექტორი - მარეხ იოსებიძე:
„ჩვენი სკოლა ახალი აშენებულია. ამიტომ, ამ ეტაპზე სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს. ინტერნეტ პროვაიდერი შეიცვალა და არ ვიცით, როგორ იმუშავებს ახალი ინტერნეტი. ჩვენი სკოლის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ბიბლიოთეკა ძალიან მწირია, რადგან წიგნადი ფონდი დაიწვა, სადაც ქიმიის, ფიზიკის კაბინეტები იყო. სამინისტროს უკვე მივწერეთ და გვპირდებიან მის გაკეთებას“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის საჯარო სკოლის დირექტორი - ქეთევან როყუა:
„ჩვენი სკოლის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სპორტული დარბაზი სარემონტოა. სკოლის რეაბილიტაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება ამ ეტაპზე, არ იგეგმება. რაც შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, ამ თვალსაზრით ყველა საკითხი მოგვარებულია“.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი - ტარიელ სირბილაძე:
„სკოლაში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად გვქონდა, თუმცა საკითხი უკვე გადაიჭრა. ჩვენი სკოლის ინვენტარი ახალია. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ხარვეზები არ გვაქვს. ჩვენი სკოლის ერთადერთი მოსაგვარებელი საკითხი გათბობის ბუნებრივ აირზე გადატანაა, თუმცა განათლების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სააგენტო ამ წლის ბოლომდე შეგვპირდა პრობლემის მოგვარებას“.
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექტორი - ჯეირან კოღუაშვილი:
„ჩვენი სკოლის რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. შენობა აღჭურვილია საუკეთესო ლაბორატორიებით, თუმცა ჩვენი უდიდესი პრობლემა ის არის, რომ სკოლას არ გააჩნია სპორტდარბაზი. როგორც მოგეხსენებათ, სპორტის გაკვეთილების საათების რაოდენობა დაწყებით კლასებში გაიზარდა, თუმცა ჩვენი სკოლის პედაგოგები გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ატარებენ. „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ თანამშრომლები შეგვპირდნენ სპორტდარბაზის გაკეთებას და იმედია, პირობას შეასრულებენ. გარდა ამისა, სკოლას არ გააჩნია სააქტო დარბაზი, რის გამოც მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრა დიდ სირთულესთან ასოცირდება“.
გორის მუნიციპალიტეტის ტყვიავის საჯარო სკოლის დირექტორი - ლია ფალელაშვილი:
„ჩვენს სკოლას ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები ამ ეტაპზე, არ გააჩნია“.
გორის მუნიციპალიტეტის უფლისციხის საჯარო სკოლის დირექტორი - თინა ფანჯველიანი:
„ინტერნეტის გაუმართაობის თვალსაზრისით ხარვეზები სკოლაში ნამდვილად იყო, თუმცა საკითხი უკვე მოგვარებულია. რაც შეეხება ტექნიკას, სკოლაში მხოლოდ 1 ახალი კომპიუტერია, რომელიც ჩვენი სახსრებით შევიძინეთ. დანარჩენი კომპიუტერები უკვე მოძველებულია, რაც საგაკვეთილო პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. ჩვენი ინფორმაციით, მომავალში სკოლების ტექნიკით აღჭურვა იგეგმება“.
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი - ნანა გაგუა:
„ჩვენი სკოლის კომპიუტერები გაუმართავია, რის გამოც მათი განახლება საჭიროა. გარდა ამისა, სკოლის საკლასო ოთახები არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, თუმცა განათლების სამინისტრო სკოლის რეაბილიტაციის პროცესში ძალიან გვეხმარება“.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლის დირექტორი - ლელა ქარაია:
„ინტერნეტის პრობლემა სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაშიც იყო, თუმცა აღნიშნული ხარვეზი უკვე გამოსწორებულია. ინვენტარის შეძენას კი შეძლებისდაგვარად ვახერხებთ“.
გორის N11 საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ სამსონაშვილი:
„ჩვენს სკოლაში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა, აქედან გამომდინარე, არც ტექნიკური და არც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით შეფერხება არ გვაქვს“.
ქედის მუნიციპალიტეტის ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორი - გოჩა გათენაძე:
ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზები სკოლაში ნამდვილად გვქონდა, თუმცა ეს საკითხი უკვე გადაჭრილია“.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის N16 საჯარო სკოლის დირექტორი - ირინა მელქაძე:
„ინტერნეტის ახალი ქსელები კეთდება, რის გამოც აღნიშნული პრობლემა მთლიანად ქალაქშია. ჩვენი ინფორმაციით, ეს საკითხი მალე მოგვარდება“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჩიქუნეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე - თამილა საფარიძე:
„სულ ცოტა ხნის წინ დაგვიმონტაჟეს ახალი ინტერნეტი, თუმცა ჯერჯერობით ხარვეზებით მუშაობს. ქიმიის, ფიზიკის ლაბორატორიული აღჭურვილობა არ გაგვაჩნია და იმედია, ეს საკითხიც მალე გადაიჭრება“.