მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ახალი 2019-2020 სასწავლო წელი იწყება. სწავლის დაწყებას სკოლები გარკვეული ცვლილებებით ხვდებიან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეხება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ კომბინირებულ საგანს, სადაც ქიმია, ფიზიკა, და ბიოლოგია ერთ სახელმძღვანელოში იყო გაერთიანებული. ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასში ფიზიკა და ბიოლოგია დამოუკიდებელ საგნად ისწავლება, ქიმია კი მე-8 კლასიდან დაემატება.
რამდენად გააუმჯობესებს კომბინირებული საგნის გაყოფა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას და მათი აზრით, საატესტატო გამოცდების გაუქმება ხომ არ დაუკარგავს ინტერესს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ? - ამ საკითხებზე სასაუბროდ etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.
გორის მუნიციპალიტეტის დიცის საჯარო სკოლის დირექტორი - ელიზავეტა ხაბაზიშვილი:
„მივესალმები აღნიშნულ რეფორმას, თუმცა ვთვლი, რომ მე-7 კლასში ქიმიაც უნდა ისწავლებოდეს. რაც შეეხება საატესტატო გამოცდების გაუქმებას, ჩემი აზრით, თუ საგანს კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან და სკოლები შესაბამისი ლაბორატორიებით იქნება აღჭურვილი, ამ საგნების სწავლის მიმართ მოსწავლეების ინტერესი უფრო გაიზრდება“.
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი - რამინ ხინიკაძე:
„საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცალკე საგნებად სწავლება ვთვლი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასაც ხელს შეუწყობს. იმ შემთხვევაში თუ სასწავლო პროცესი წარმატებით წარიმართა. ჩემი აზრით, საატესტატო გამოცდების გაუქმებით მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესს არ დაკარგავენ“.
ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულის საჯარო სკოლის დირექტორი - მურმან ზაქარაძე:
„ვფიქრობ, კომბინირებული საგნის გაყოფა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას აუცილებლად გააუმჯობესებს. ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის ცალკე სწავლება ჩემი აზრით, ამ საგნების მიმართ მოსწავლეების ინტერესს უფრო მეტად გაზრდის და სულ მალე შესაძლოა, კარგი ფიზიკოსები, ქიმიკოსები და ბიოლოგები გვყავდეს“.
გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი - მიხეილ ბიბილაშვილი:
„ჩვენი სკოლის ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის პედაგოგები ხშირად კამათობდნენ, რომელი ჩაატარებდა კომბინირებული საგნის გაკვეთილებს. აღნიშნული რეფორმის შემდეგ ვფიქრობ, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და პედაგოგებს შორის დავაც აღარ იქნება. რაც შეეხებათ მოსწავლეებს, ვთვლი, რომ მათ სწავლის მოტივაცია ისედაც არ გააჩნიათ. ამიტომ, კომბინირებული საგნის გაყოფა ჩემი აზრით, მათ აკადემიურ მოსწრებას არ გააუმჯობესებს. საატესტატო გამოცდების გაუქმებას კი ნამდვილად არ ვეთანხმები“.
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი - თამარ ყურაშვილი:
„ჩემი აზრით, აღნიშნული რეფორმა ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. სკოლაში მიღებული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუ მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საწყის ეტაპებს შეისწავლიან, სწავლების თვალსაზრისით უკეთეს შედეგს მივიღებთ. საატესტატო გამოცდებს მოსწავლეები იძულებით აბარებდნენ. ძალადობა კი არ შეიძლება. ვფიქრობ, საზოგადოების თვალსაწიერში აუცილებლად დამკვიდრდება აზრი, რომ როცა მოსწავლე სკოლას ამთავრებს, ზოგადი განათლება უნდა გააჩნდეს. ძალადობას კი ყოველთვის ნებაყოფლობითობა ჯობია“.
გორის მუნიციპალიტეტის მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დირექტორი - მაია ტოლიაშვილი:
„საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაყოფას მას შემდეგ ვითხოვთ, რაც აღნიშნული საგნები გაერთიანდა. ქიმის მე-8 კლასში გადატანა სამწუხარო ფაქტია, რადგან მე-10 კლასში საათების სიმცირის გამო პროგრამა ყოველთვის გაუვლელი გვრჩება. რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, ვთვლი, რომ აღნიშნული გამოცდების გაუქმებით მოსწავლეებს ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ არ დაეკარგებათ, რადგან ეს საგნები აქამდეც არ აინტერესებდათ".
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი - თამარ ბერიძე:
„აღნიშნული რეფორმა ჩემთვის მისაღებია, რადგან პედაგოგები საგნის სწავლების აკადემიურ ხარისხს მეტ ყურადღებას მიაქცევენ. გარდა ამისა, საგნები უფრო დაიხვეწა, საკითხებმაც მოემატა, წიგნები კი ბევრად უფრო მისაღებია, თუმცა ქიმიის მე-8 კლასში გადატანას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, საატესტატო გამოცდების გაუქმება ნაჩქარები გადაწყვეტილება იყო, რადგან მოსწავლეებმა ჯერ კიდევ ვერ გააანალიზეს ამ საგნების მნიშვნელობა. ნიადაგი არ არის მომზადებული იმისთვის, რომ მოსწავლეები არა გამოცდაზე, არამედ, ცოდნაზე იყვნენ ორიენტირებულები“.
გორის მუნიციპალიტეტის შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო გარსევანიშვილი:
„ქიმიის პედაგოგი ვარ და კომბინირებული საგნების გაყოფას ნამდვილად ვეთანხმები, რადგან სახელმძღვანელო რეალური ინტეგრაციის საშუალებას არ იძლეოდა და სწავლების თვალსაზრისით შედეგიც არ მოგვცა. ჩემ მიერ ჩატარებული ყველა გაკვეთილი მოსწავლეებისთვის საინტერესო და ინტეგრირებული იყო. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესს არ დაუკარგავს“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის დირექტორი - ალექსანდრე ნიქაბაძე:
„გამოცდილება გვიჩვენებს, გააუმჯობესებს თუ არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაყოფა მოსწავლეთა აკადემიურ ხარისხს. საატესტატო გამოცდების გაუქმებით ჩემი აზრით, მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი არ დაეკარგებათ“.
გორის მუნიციპალიტეტის აძვის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო ბიძინაშვილი:
„ვთვლი, რომ საბუნებისმეტყველო საგნების ცალკე სწავლება სასწავლო პროცესს აუცილებლად გააუმჯობესებს და მოსწავლეების ცოდნაზეც მოახდენს გავლენას. თუ მოსწავლეს სწავლა უნდა, ის აუცილებლად ისწავლის. გულწრფელად გითხრათ, საატესტატო გამოცდების ჩაბარებით მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაცია არ გააჩნდათ. პირიქით, დიდი სტრესი მიიღეს, რაც ნამდვილად დაბრკოლება იყო მათთვის ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად. გარდა ამისა, მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს მხოლოდ გამოცდისთვის სწავლობდნენ და არა ცოდნის მისაღებად“.