„თუ ადამიანის განადგურება გინდათ, საჯარო სკოლაში გაგზავნეთ გასაუბრებაზე“- ახალბედა კონკურსანტი
04-09-2019

„თუ ადამიანის განადგურება გინდათ, საჯარო სკოლაში უნდა გაგზავნოთ გასაუბრებაზე... ამ სკოლებმა სრულიად უსარგებლო ადამიანად მაგრძნობინეს თავი, განადგურებული და დაცლილი ვარ“, - აღნიშნულის შესახებ მასწავლებლობის მსურველი ახალბედა გოგონა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და გასაუბრების დროს, კომისიის წევრების მხრიდან, არასათანადო და ირონიულ დამოკიდებულებაზე საუბრობს:

„მე ახლა მოგიყვებით ჩემი უზარმაზარი სასოწარკვეთის ამბავს ორი დღის განმავლობაში. მოკლედ, დავრეგისტრირდი უამრავი ადამიანის შეწუხებით და დახმარებით საიტზე და დამირეკა რამდენიმე საჯარო სკოლამ (როგორც სხვები ამბობდნენ გასაუბრებაზე, ბევრად მეტმა დაურეკა, მე უბრალოდ დამაგვიანდა რეგისტრაცია). პირველი ,,ბედნიერი" დამთხვევა გახლდათ ის, რომ ზუსტად პირველ საათზე დამიბარა ორმა მათგანმა. ერთგან დროზე მივედი, მეორეგან- 3-ზე, სხვა გზა არ მქონდა (და შემიყვანეს ხუთზე). კითხვების უმეტესობა სამუშაო გამოცდილებაზე გახლდათ. ვაკონკრეტებ, სკოლის სამუშაო გამოცდილებაზე, თორემ სხვა სახის გამოცდილება მაქვს, მაგრამ არავინ დაინტერესებულა. სკოლაში ჯერ არ მიმუშავია (მაგრამ მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე უკვე), რადგან წელს დავამთავრე უნივერსიტეტი. ამას რომ ისმენდნენ, წარბს მაღლა სწევდნენ და იქ გასაგები ხდებოდა ყველაფერი. ამის შემდეგ მოდიოდა ირონიულ კითხვათა ნაკადი და მცდელობა, რაც შეიძლება დაებნიათ ადამიანი“.

მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ კომისიის წევრებმა, ის მეგრული წარმოშობის გამოც დაიწუნეს, რის შემდეგაც საკითხზე ყურადღების კონცენტრირება ძალიან გაუჭირდა:

„არ შემიძლია არ გავიხსენო გუშინდელი შემთხვევა ერთ საჯარო სკოლაში. კომისიის წევრმა ჩემი გვარის მოსმენაზე ჩუმად, უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, რა ამბავია ამდენი მეგრელიო. ამის შემდეგ როგორი იქნებოდა თქვენი მოტივაცია? - რა თქმა უნდა, გავნადგურდი წამში, მაგრამ მაინც გავძელი, ყველა კითხვისთვის მეპასუხა. ქართულის მასწავლებლის ვაკანსიაზე მეგრელობას თუ ჩამითვლიდნენ ნაკლად, რას ვიფიქრებდი. უამრავ გასაუბრებაზე ვარ ნამყოფი, მაგრამ საჯარო სკოლებში რომ იყო, ასეთი -არსად, მეგობრებო! კერძოებზე არაფერი ვიცი, არ ვყოფილვარ კერძო სკოლებში საერთოდ, ჯერ. ეს ორი დღე, ვერც კი აღგიწერთ, რამხელა სტრესი იყო ჩემთვის, სიცხემაც კი ამიწია.

არ ვტრაბახობ, მაგრამ წარჩინებული სტუდენტი ვიყავი მთელი 4 წელი და მართლა მაქვს სამუშაო გამოცდილებები, მაგრამ სკოლაში ვერ შევაღწიე, იმიტომ, რომ ყველა უარს მეუბნება. რატომ? -სკოლაში არ მიმუშავია და იმიტომ! ახლა კითხვები?! - ეროვნული სასწავლო გეგმა ვინმემ ზეპირად იცის, გამაგებინეთ? ქართულის მასწავლებლები კომისიიდან სიძულვილით რატომ გვიყურებენ, გამაგებინებთ?.. და ამას არ ვამბობ მარტო მე... იქ მყოფ ახალგაზრდა პედაგოგთა უმეტესობაც ამას დარდობდა. და მაინც, მადლობა უნდა გადავუხადო „კომაროვისა“ და 162-ე საჯარო სკოლების ადმინისტრაციას. იქ მართლა კარგი კომისია შემხვდა და სიკვდილი არ მინატრია გამოსვლისას.

ამ ორი დღის განმავლობაში, ჩემი თვითშეფასება 0-ს, ხოლო თერმომეტრი 38-ს უჩვენებს. ამ ორი დღის განმავლობაში ამ სკოლებმა (გარდა ორი ხსენებულისა), სრულიად უსარგებლო ადამიანად მაგრძნობინეს თავი. განადგურებული და დაცლილი ვარ. უკვე აღარც კერძოებში ვცდილობ რამეს. ცალკე აღნიშვნის ღირსი გახლავთ ის სკოლები, რომელთაც არ დამიბარეს გასაუბრებაზე და პირდაპირ მომწერეს, რომ ვერ გადავლახე ეტაპი. არ დამიბარეს და რა ვერ გადავლახე? თუ მათაც გვარი არ მოეწონათ ჩემი? მეგობრებო, კოლეგებო, ლექტორებო და ნაცნობებო, გმადლობთ გამხნევებისა და მხარში დგომისათვის. დამლაგებლის ვაკანსიას მაინც მოვიძიებდი, მაგრამ რა აზრი აქვს? არ მიმუშავია კონკრეტულად ამ სფეროში და ამიყვანს ვინმე? გეფიცებით, თუ ადამიანის განადგურება გინდათ, საჯარო სკოლაში უნდა გაგზავნოთ გასაუბრებაზე. რისთვის ვსწავლობ? რატომ ვაბარებ ან მაგისტრატურაზე, ან რად ვიტენი თავს მორფოლოგია-სინტაქსით, რად მინდა?“ - წერს კონკურსანტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სისტემაში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე, მასწავლებლობის მსურველთა გასაუბრების პროცესი, ქალაქის სკოლებში 1-2 სექტემბერს გაიმართა, ხოლო სოფლებსა და დაბებში 4-5 სექტემბერს გაიმართება. გასაუბრებას, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მასწავლებლის სახლის ან განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან. 

იხილეთ ასევე: სკოლებში მასწავლებლობის მსურველთა გასაუბრების პროცესი დაიწყო - რა შეკითხვებს უნდა უპასუხონ კანდიდატებმა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203