პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 2019-2020 წლის „სამთავრობო გეგმა“ წარმოადგინა, რომელშიც განათლების სფერო კვლავ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
როგორც სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, რეფორმა განხორციელდება განათლების სისტემის ყველა მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
ადრეული და სკოლამდელი განათლება: სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები გარდაიქმნება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის სახელმწიფო სტანდარტის დანერგვა ბავშვების სასკოლო მზაობის უზრუნველსაყოფად. გაძლიერდება სკოლამდელი განათლების სტანდარტის დანერგვის კონტროლის სისტემა. ეროვნულ დონეზე შეიქმნება სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების, განვითარებისა და მართვის მოდელი და მექანიზმები.
აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა.
ზოგადი განათლება: ზოგადი განათლების სისტემის ორიენტირი იქნება მოსწავლეების მომავალი ცხოვრებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის მომზადება. ამ მიზნით სასწავლო პროცესში დაინერგება ისეთი მეთოდოლოგიები და სტრატეგიები, რომელიც უზრუნველყოფს სააზროვნო შემოქმედებითი, ტექნოლოგიური და შრომითი უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.
ხელისუფლება იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. ყოველწლიურად მოხდება მასწავლებლების კვალიფიკაციის შესაბამისად მათი ანაზღაურების ზრდა.
სოფლის მცირე კონტიგენტიანი და მაღალმთიანი სკოლების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური პროგრამების ამოქმედებას. შეიქმნება მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ სკოლების სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად ჩამოყალიბებას, რომელიც საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს.
პროფესიული განათლება: გაიზარდება მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების რაოდენობა, რომელიც მიმართული იქნება მაზრის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური რესურსის სწრაფ და ეფექტურ მომზადებაზე. პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირებით უზრუნველყოფილი იქნება პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლების მიღება. შედეგად, შეიქმნება ზოგადი განათლებიდან - პროფესიულ განათლების საფეხურზე, ხოლო პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა.
უმაღლესი განათლება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებისას (ავტორიზაცია/აკრედიტაცია) კვლავინდებურად იქნება გამოყენებული განვითარებაზე ორიენტირებული მოდელი, რომელიც ეფუძნება ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და რეკომენდაციებს (ESG 2015).
ეტაპობრივად დაინერგება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი, შედეგებზე ორიენტირებული მოდელი, რომელიც უნივერსიტეტებს შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებზე ორიენტირებული მართვიდან გადავიდნენ შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებულ მართვაზე,
სახელმწიფო განსაკუთრებით შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას, მათ შორის დისტანციური განათლების კომპონენტის გაძლიერებას.
მეცნიერება: სახელმწიფო მხარს დაუჭერს ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებულ სამეცნიერო კვლევებს. ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
გაძლიერდება მეცნიერების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. სახელმწიფო მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. ამასთან, ხელს შეუწყობს საქართველოში და საზღვარგარეთ ქართველოლოგიური და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების გაძლიერებას.
პარლამენტმა დღეს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო, რომელიც 8 სექტემბერს კენჭისყრით დასრულდება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს განაცხადა, 3 სექტემბერს კი მთავრობის მეთაურობის ახალ კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დასახელდა. პრემიერ-მინისტრის გადადგომით გადაყენებულად ითვლება მინისტრთა კაბინეტი. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მოუსმინოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, მოისმინოს მათი სტრატეგია და კენჭი უყაროს.