„აუცილებელია სკოლაში იყოს სამედიცინო ოთახი და ექთანიც“ - დირექტორების კომენტარები
04-09-2019

საქართველოს სოფლების სკოლებში ჰყავთ თუ არა ექთნები? თუ არა, საჭიროების შემთხვევაში ვის მიმართავენ დასახმარებლად? ამ კითხვებით etaloni.ge-მ სკოლის დირექტორებს მიმართა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი ივანე თურქიაშვილი:

„მცირერიცხოვანი სკოლა გვაქვს, სულ 10 ბავშვი. ექთანი არ გვყავს. ცუდი არ იქნება, რომ გვყავდეს, მაგრამ  რთულია, ბიუჯეტიდან გამომდინარე. სამაგიეროდ სოფელში გვყავს ექიმი, ამ ეტაპზე მისთვის სივრცესაც ამზადებენ. თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება, ექიმთან მანქანით მარტივად მივიყვანთ“.

ქარელის მუნიციპალიტეტის ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ფარასტაშვილი:

„სკოლაში სულ 64 მოსწავლეა და ექთანი არ გვყავს.  ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნება სამედიცინო წარმომადგენლის ყოლა, ისევე როგორც ფსიქოლოგის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაგვჭირვებია სამედიცინო დახმარება, თუმცა 112-ზე დარეკვას სწრაფი რეაგირება მოჰყვა, ეფექტიანად მუშაობენ. სამედიცინო პუნქტი გვერდით სოფელშია“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ასანიძე:

„სკოლაში ექთანი არ გვყავს. ჩვენთან სულ 83 მოსწავლეა. ვფიქრობ, აუცილებელია სკოლაში იყოს სამედიცინო ოთახი და ექთანიც. სამედიცინო პუნქტი ჩვენი სკოლიდან 2-3 კმ-შია. სასწრაფოს გამოძახებაც დაგვჭირვებია. ხან ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემა, ხან კიდევ მასწავლებლებს, ამიტომ მივესალმები ექთანი თუ იქნება სკოლაში“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის დირექტორი ბელა გუნაშაშვილი:

„სკოლაში 140 ბავშვი გვყავს. ამბულატორია შორს არ არის და თუ საჭიროება შეიქმნება შეგვიძლია მათ მივმართოთ“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კოპალეიშვილი:

„სკოლაში ექთანი არ გვყას. სულ 105 მოსწავლეა და სამედიცინო პუნქტი ძალიან ახლოს გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში მათ მივმართავთ“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბლა გომის საჯარო სკოლის დირექტორი ომარ ჩაჩუა:

„ექთანი არ გვყავს, თუმცა საჭიროებას ვხედავ. სკოლაში გვაქვს წამლები და თუ დაგვჭირდა მასწავლებლები უწევენ ყველას პირველად დახმარებას. სამედიცინო პუნქტი დაახლოებით კილომეტრ ნახევარშია“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეჩხეთურის საჯარო სკოლის დირექტორი კლიმენტი ტაბატაძე:

„ჩვენი სკოლაში 18 ბავშვია. ამჟამად სკოლისთვის კერძო ფართს ვიყენებთ. ექთანი არ გვყავს. სოფელში სამედიცინო პუნქტი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში ექთანს მივმართავთ“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე სარალიძე:

„სკოლაში 29 მოსწავლეა და ექთანი არ გვყავს. სამედიცინო პუნქტი ახლოსაა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ექთანი ადგილზე გვყოლოდა. სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირვებია. სოფლის სამედიცინო პუნქტის შენობა ავარიულია. თუმცა სოფელს ჰყავს ექთანი და თუ დაგვჭირდება მას ვუკავშირდებით“.

ქარელის მუნიციპალიტეტის აბისის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა თეთრუაშვილი:

„ჩვენი სკოლა იმხელა არ არის, რომ ექთანი გვყავდეს. სკოლის შენობასთან ახლოს არის აფთიაქი და ამბულატორია და თუ საჭიროება შეიქმნება დაგვეხმარებიან“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტვიშის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან ლაკვეხელიანი:

„სკოლაში ექთანი არ გვყავს, რადგან ძალიან პატარა სკოლა გვაქვს. სამედიცინო პუნქტი დაახლოებით 100 მეტრშია და ისინი გვეხმარებიან საჭიროების შემთხვევაში“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკინდორის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბიწაძე:

„პატარა სკოლა გვაქვს და სამედიცინო ოთახი არ გვაქვს. იჯარით გვყავს აყვანილი სოფლის ექიმი. ზოგადად ვფიქრობ, რომ აუცილებელია ექთნის ყოლა, მით უფრო სკოლა სამედიცინო პუნქტისგან თუ შორსაა. აცრები იქნება თუ სხვა პრევენციული ღონისძიებები ყველაფერს ის აკეთებს. ასე რომ, ეს საკითხი მოგვარებული მაქვს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203