აქვთ თუ არა მოსწავლეებს სპორტული აქტივობებისთვის სათანადო პირობები?
05-09-2019

მოწესრიგებულია თუ არა სკოლებში სპორტული დარბაზები? აქვთ თუ არა მოსწავლეებს საჭირო სპორტული ინვენტარი? რამდენად აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ოლიმპიადებში? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად etaloni.ge სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

ბათუმის N29 საჯარო სკოლის დირექტორი ნური ჯაფარიძე:

„ჩვენი მოსწავლეები სპორტში ნამდვილად აქტიურები არიან. საინფორმაციო დაფა შევსებულია მათი მიღწევებით: თასებით, სიგელებითა თუ დიპლომებით. განსაკუთრებით აქტიურები არიან ჭიდაობასა და ფეხბურთში. უფრო და უფრო აქტიურდებიან ფრენბურთში. ჩვენი მოსწავლეები ნამდვილად არიან მოკლებული კარგ სპორტულ დარბაზს. ჩვენი დარბაზი პატარაა და არ არის სათანადო პირობები. ინვენტარი შეძლებისდაგვარად გვაქვს. ახლახანს შევიძინეთ მაგიდის ჩოგბურთისთვის მაგიდა. ამ პატარა სკოლაში ბავშვებს ძალიან კარგი მონაცემები აქვთ და სასურველია სათანადო პირობები ჰქონდეთ. უფრო ჯანსაღი თაობაც გაიზრდება და უფრო  მეტი მიღწევაც ექნებათ".

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ლაბაძე:

„სკოლაში გვყავს  ფეხბურთის გუნდი. გუნდი რაიონის მასშტაბით ხშირად გამხდარა ჩემპიონი. რაიონულიდან გადადიან რეგიონულ დონეზე. მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, ხაშურიდან, ბორჯომიდან იწვევენ ხოლმე გუნდებს და შეხვედრებს მართავენ. ასე რომ სპორტის ეს სახეობა ჩვენთან აქტიურია. კარგი მდგომარეობაა ჭიდაობისა და კალათბურთის მიმართულებაც. სპორტდარბაზი გვაქვს, თუმცა შესაძლოა სტანდარტებს არ შეესაბამება. სოფელს აქვს საკმაოდ კარგი სტადიონი, სკოლაში მხოლოდ მინი ფეხბურთის სტადიონი გვაქვს".

დმანისის მუნიციპალიტეტის დაგარახლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხორბალაძე:

„ჩვენი სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები, გოგოებიც და ბიჭებიც, აქტიურად თამაშობენ ფრენბურთს. კლასებს შორის ტარდება ხოლმე შეჯიბრებები. მაგიდის ჩოგბურთიც ​განსაკუთრებულად უყვართ. სპორტული ინვენტარი გვაქვს. დარბაზი საშუალო მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს".

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის გომარეთის საჯარო სკოლის დირექტორი მზია სარსევანიძე: 

„სოფელში ჭიდაობის წრე გვაქვს და ვისაც აინტერესებს დადის კიდეც. გვაქვს სპორტული დარბაზი. მხიარული სტარტები ტარდება ხოლმე. რაიონის ფარგლებში შეჯიბრებებში ვიღებთ მონაწილეობას, ფეხბურთში იქნება ეს, ჭიდაობასა თუ მაგიდის ჩოგბურთში".

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ჭალიძე:

„ჩვენი სკოლის ბავშვები რაიონის ფარგლებში სპორტულ აქტივობებში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. განსაკუთრებით ჭადრაკსა და ფეხბურთში. სპორტული ინვენტარი ვერ გეტყვით, რომ სათანადოდ გვაქვს, მაგრამ არ გვეშლება ხელი, რომ გაკვეთილები და შეჯიბრებები ჩავატაროთ. სპორტდარბაზი არ გვაქვს, მხოლოდ ღია სპორტული მოედანი".

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაგების საჯარო სკოლის დირექტორი ვასო რატიანი:

„ძალიან პატარა სკოლა გვაქვს. ზოგიერთ კლასში თითო ბავშვია. მოედანი გვაქვს კარგი. სპორტული დარბაზი არა, თუმცა სპორტული ინვენტარი ასე თუ ისე გვაქვს. წელს აპირებენ დარბაზისთვის სივრცე გადახურონ. გვპირდებიან, რომ მომავალი წლისთვის დარბაზი მზად გვექნება".

მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები რაიონის მასშტაბით ფეხბურთის, კალათბურთისა და მინი-ფეხბურთის შეჯიბრებებში არიან ჩართული. ორი ასაკობრივი ჯგუფი ჩემპიონიც გახდა. რაიონიდან შემდეგომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით იღებენ შეჯიბრებებში მონაწილეობას. ამ მასშტაბითაც ჰქონიათ მიღწევები. სპორტული დარბაზი და მინი-ფეხბურთის მოედანი გვაქვს. ინვენტარით სკოლის ბიუჯეტის შესაბამისად ვართ უზრუნველყოფილი".

დმანისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბეჟუაშვილი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ გეზრბენის, ფრენბურთის, ჭიდაობისა და ფეხბურთის ოლიმპიადებში. უამრავი ჯილდო გვაქვს მიღებული. სპორტდარბაზი კარგი გვაქვს, თუმცა ინვენტარი სათანადოდ არა, რადგან დეფიციტური სკოლა ვართ. ბიუჯეტი მწირი გვაქვს, ამიტომ შეძლებისდაგვარად ვყიდულობთ, რაც აუცილებელია. მაგალითად, ლახტები, ფრენბურთის ბადე და ა.შ".

ხარაგაულის კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი:

„სკოლაში ფეხბურთის გუნდი გვყავს და საკმაოდ აქტიურად მუშაობენ. ჰყავთ კარგი სპორტის მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ასაკოვანია, ბავშვებთან მაინც ძალიან აქტიურად მუშაობს".

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინა სუდაძე:

„სხვა სკოლის ბაზაზე ვიყავით გადასულები, ამიტომ სპორტულ აქტივობებში შედარებით ნაკლებად ვიყავით ჩართულები. ახალი სასწავლო წლიდან ახალ შენობაში დავიწყებთ სწავლას და სპორტდარბაზიც მომავალში აუცილებლად გვექნება".

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203