„მე ვარ პედაგოგი და ვიდრე შემიძლია, ამ საქმეს ვერ მივატოვებ“ - რატომ თქვეს უარი ჯილდოზე პენსიონერმა მასწავლებლებმა
06-09-2019

მას შემდეგ, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგებს მიეცათ არჩევანი საშუალება, ჩაებარებინათ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები, ან მიეღოთ ჯილდოს სახით ორი წლის ჯამური ხელფასი შესაბამისი დანამატით, 6000-მდე პრაქტიკოსმა პენსიონერმა მასწავლებელმა დატოვა სისტემა და ჯილდოს აღება არჩია.  თუმცა არიან ისეთებიც, ვინც საპენსიო ასაკის მიუხედავად, გამოცდაზე გავიდა და არც სკოლის დატოვებას აპირებს.

Etaloni.ge იმ რამდენიმე პენსიონერ მასწავლებელს გაესაუბრა, ვინც სამინისტროს მიერ შეთავაზებული ბოლო შანსი გამოიყენა და გამოცდაზე მოგვიანებით, მაგრამ მაინც გავიდა.  

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N3 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლამზირა სიჭინავა, 69 წლის:

„ქართულ ენასა და ლიტერატურას 1973 წლიდან ვასწავლი, მაგრამ ჯერ მხნედ ვარ და ვთვლი, რომ კიდევ შემიძლია, მომავალ თაობას ვემსახურო. ცოტა კრედიტქულები დამრჩა და იმასაც მოვაგროვებ. ბავშვების სიყვარულმა გადამაწყვეტინა, სკოლაში დავრჩენილიყავი. აქამდე არ მიცდია გამოცდაზე გასვლა, არა იმიტომ, რომ არ შემეძლო, არამედ, იმის გამო, რომ ოჯახში დიდი ტრაგედია გადავიტანეთ და გამოცდაზე, უბრალოდ, ვერ გავიდოდი.  მინდა და შემიძლია, რომ ჯერ კიდევ ვემსახურო ახალგაზრდებს. გარდა ამისა, საკუთარ თავში ჩაკეტვას, ისევ საზოგადოებაში გასვლა ვამჯობინე“.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N 3 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯულიეტა ხორავა, 65 წლის:

„ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები მიშლიდა ხელს, შემეძლო, პენსია ამეღო და წავსულიყავი, მაგრამ, უფლის წყალობით, უკვე კარგად ვარ და შემიძლია ჯერ კიდევ ვემსახურო ჩვენს ახალგაზრდებს. უავტორიტეტო არა ვარ, არც მოსწავლეებთან, არც პედაგოგებთან, არც მშობლებთან და ამიტომ ვარჩიე, ჩამებარებინა გამოცდა. ეს იყო ჩემი პირველი გასვლა გამოცდაზე, დამერწმუნეთ, ამდენი წელია მიმდინარეობს გამოცდები და ერთხელაც ვერ გადავწყვიტე, გავსულიყავი. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მეშინოდა, ვაითუ ვერ გადავლახო და მერე სირცხვილიც ვჭამო-მეთქი, მაგრამ ახლა ძალიან ვნანობ, რომ აქამდე არ გავედი და პრაქტიკოსი მასწავლებელი მერქვა, თურმე შემძლებია...  9 ოქტომბერს 44 წელი შესრულდება, რაც ვმუშაობ. ვიყავი ბაგა-ბაღის აღმზრდელი, შემდეგ გამგე. ქართულ ენასა და ლიტერატურას კი სკოლაში, უკვე 38 წელია, ვასწავლი. მადლობა უფალს, რომ მე ეს შევძელი. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაინც ღირსება და ავტორიტეტია, რის გამოც, ამდენი წელი ვიშრომე“.  

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჭოღას თემის საჯარო სკოლის დირექტორი, ქიმიის პედაგოგი ჯემალ შენგელია, 72 წლის:

„ 72 წლის კაცი ვარ და ახლა გავედი გამოცდაზე. ამის აუცილებლობა სულაც არ იყო, შემეძლო, საათებზე უარი მეთქვა და მხოლოდ დირექტორად დავრჩენილიყავი, მაგრამ, მოგეხსენებათ, პრაქტიკოსი მასწავლებლების პროცესი მილევადია, იანვრიდან სკოლებში არც ერთი პრაქტიკოსი პედაგოგი აღარ დარჩება და მე კი, ჯერ ისევ შემიძლია ვასწავლო. გამოცდაზე გასვლის გადაწყვეტილებაც ამის გამო მივიღე.  52 წელია, ქიმიას ვასწავლი, მათ შორის, 43-ე წელია, ამ სკოლის დირექტორი ვარ, რასაც წინ სდევს 4 წელი, როდესაც დირექტორის მოადგილე ვიყავი,  მაქვს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, ღირსების ორდენი და ვარ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, მაგრამ პირველ რიგში, მე ვარ პედაგოგი და ვიდრე შემიძლია, ამ საქმეს ვერ მივატოვებ“. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203