2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი ნათია კურტანიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგია. დაწყებითი საფეხურისა და ტექნოლოგიების სპეციალისტი სკოლაში 22 წლიდან მუშობს.
ნათია კურტანიძე მენტორ-მასწავლებელი, Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელ-ექსპერტი და მასტერ-ტრენერი, პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ქოუჩი და არაერთი სტატიისა თუ საგანმანათლებლო რესურსის ავტორია. etaloni.ge მას ახლოდან გაგაცნობთ.
- ამდენწლიანი მუშაობის განმავლობაში რა იყო თქვენი მოტივატორი, რაც საყვარელი საქმის კეთებაში გეხმარებოდათ?
- თამამად გეტყვით, რომ ეს იყო შინაგანი მოტივაცია. გარეგანი ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტი არ იყო. შინაგანად ვარ განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული ადამიანი. ჩემი მოსწავლეების წარმატებებიც მაძლევდა მოტივაციას, როდესაც ახალი მეთოდებითა და სტრატეგიებით ვატარებდი გაკვეთილებს და შედეგად მათ განვითარებას ვხედავდი. ვფიქრობ, ეს არის მასწავლებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივატორი.
- სკოლაში რესურსების ხელმისაწვდომობას რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის?
- იყო წლები, როდესაც სკოლაში არაფერი არ გვქონდა. საკლასო ოთახის კუთხეებს ჩემი ხელით ვლესავდი. სკოლის გვერდით მცხოვრებლებისგან კლასში ელექტროენერგია კაბელებით შემომყავდა, რათა ბავშვებისთვის თუნდაც 2-3 წუთიანი ვიდეოები მეჩვენებინა. ბოლო წლებში ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდა, ინტერნეტიც ხელმისაწვდომია და სკოლასაც გაუჩნდა დამატებითი ხარჯები, რომ ჩემთვის საჭირო საკლასო რესურსი შეეძინა.
კლასში ხშირად ვატარებდი ვირტუალურ მოგზაურობებს საზღვარგარეთის ცნობილ ადგილებზე და ვოცნებობდი საკუთარი პროექტორი მქონოდა. სკოლას მხოლოდ ერთი პროექტორი ჰქონდა და ვინაიდან ორ შენობაში ვართ განთავსებულები წინ და უკან, ერთი სოფლიდან მეორეში დამქონდა. ტექნოლოგიების კონფერენციაზე ვირტუალურ ექსკურსიებზე მოხსენება წარვადგინე და გამარჯვებულს სანატრელი პროექტორი გადმომცეს.
- ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ ვირტუალური მოგზაურობებზე, რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლების პროცესში?
ვირტუალური მოგზაურობები პრაქტიკა საქართველოში არ იყო გავრცელებული. მათ მივაგენი microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალზე. ეს არის ვირტუალური ტურები მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი მუზეუმიდან, ნაკრძალიდან, ზოოპარკიდან და ა.შ. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ვარჩევ ტურს და ავტორებს სკაიპით ვუკავშირდები. ღირსშესანიშნაობებს კლასში, დიდ ეკრანზე, ვათვალიერებთ. ეს იმდენად საინტერესო წუთებია, რომ ხშირად მშობლები და სხვა მასწავლებლებიც გვესწრებიან.
- რა მიდგომებით მუშაობთ ბავშვებთან?
- ვფიქრობ, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობა ჩვენს პროფესიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რადგან პირველ კლასში ბავშვები განსხვავებული უნარებით მოდიან. მათ განვითარებაზე ძალიან დიდი მუშაობა გვიწევს. არა მარტო საგნებში ვამეცადინებთ, არამედ საფუძველს ვუყრით მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებისთვისაც.
ძირითადად თამაშითა და კეთებით სწავლების მეთოდებს ვიყენებ. ბავშვები სოფელში ცხოვრობენ და ბუნებასთან შეხება აქვთ, მაგრამ სხვა ეფექტი აქვს, როდესაც მაგალითად, კლასში კონტეინერებში ვთესავთ მწვანილს. მათ მოყვანასა და მოვლას ვასწავლი. ბავშვებს დისტანციურადაც ვაწვდი მასალებს. ვცდილობ ტექნოლოგიური მეთოდები მაქსიმალურად გამოვიყენო.
- პროფესიული განვითარებისთვის დამოუკიდებლად რას აკეთებთ?
- microsoft-ის პორტალზე ონლაინ ჩართვებითა და ვებინარებით ვსწავლობ ტექნოლოგიები საგაკვეთილო პროცესში გამოყენებას. პორტალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლები ვართ გაერთიანებული. ცოდნასა და გამოცდილება საქართველოში მომუშავე მასწავლებლებს ვუზიარებ.
- საკუთარ სახლში "ცოდნის ცენტრი" გახსენით. მოგვიყევით ამ ცენტრში რას აკეთებთ?
- გახსოვთ, ალბათ, სოფლებში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებები რომ დაარსდა. მოგვიანებით პროექტმა მხარდაჭერა დაკარგა და ცენტრების ფუნქციონირება ენთუზიაზმზე დარჩა. ტექნიკა და ავეჯი მაშინ მოიტანეს. ჩემს სახლში ერთი ოთახი დავუთმე ამ ყველაფერს. სასწავლო კურსებს ვთავაზობ ნებისმიერ მსურველს. შეუძლიათ ისწავლონ კომპიუტერული პროგრამები, გაიარონ საბუღალტრო ონლაინ კურსი, დაეუფლონ უცხო ენებს და ა. შ. გაკვეთილების შემდეგ მე და ჩემი პატარები ხშირად ვიკრიბებით ამ ოთახში და სხვადასხვა აქტივობებს ვაკეთებინებ.
- "ახალი სკოლის მოდელის" პროგრამაში ჩართული ხართ როგორც ტექნოლოგიების ქოუჩი? რას გვეტყვით თქვენთვის ამ ახალ გამოწვევაზე.
- microsoft-ის პორტალზე რაც წლების წინ ვისწავლე და რასაც უკვე დიდი ხანია პრაქტიკაში ვიყენებ, ქვეპროგრამის ფარგლებში სკოლებში ახლა ინერგება. დამსაქმებელებმა დაინახეს ჩემი გამოცდილება და გადაწყვიტეს სხვა პედაგოგების განვითარებისთვის გამოიყენონ.
- როგორია ასწავლიდე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში? არის თუ არა ეს დიდი პასუხისმგებლობაც და ძალაც?
- პასუხისმგებლობა უდიდესია, რადგან ჩემს მოსწავლეებს ყოველდღიური შიშისა და სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მათ საკარმიდამო ნაკვეთებზე მავთულხლართები გადის და ხშირად ესმით, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ვიღაც გაიტაცეს. ვცდილობ სოფლებში შექმნილი ეს რთული სიტუაცია ჩვენი საკლასო ოთახის გარეთ დარჩეს და ბავშვებს სკოლაში მხიარული გარემო დახვდეთ. ამისთვის ძალიან ბევრი ფიქრი და შრომა მჭირდება. ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად ფსიქოლოგის როლის შესრულებაც მიწევს.
- „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული თუ გახდებით, რაში გამოიყენებთ მიღებულ პრიზს, 10 000 ლარს?
- მაგაზე უკვე ბევრი ვიფიქრე. იანვრიდან, სავარაუდოდ, ჩვენს რეაბილიტირებულ სკოლაში გადავალთ და მინდა ჩემს ბავშვებს ინოვაციური სასწავლო გარემო დავახვედრო. აღარ მინდა სტანდარტული მერხები. მსურს მქონდეს ფერადი ავეჯი, განსხვავებული მაგიდები, პუფები, ფერად-ფერადი კარადები და ლამაზი საკლასო ბიბლიოთეკა. ბავშვებს შევპირდი, რომ ამ ყველაფერს გავუკეთებ და დიდი მოლოდინი აქვთ. ვნახოთ, რა იქნება.