2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ხუთი ფინალისტი განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ უკვე დაასახელა. მათ შორის ერთ-ერთი მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის პედაგოგი, „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამის კურიკულუმის ექსპერტი, მასწავლებლის სახლის ტრენერ-კონსულტანტი გიორგი ჭაუჭიძეა.
5 ოქტომბერს კონკურსის ფინალი გაიმართება და რჩეული ხუთეულიდან ერთ-ერთი, ჯილდოს მფლობელი გახდება.
Etaloni.ge-სთან კონკურსის ფინალისტი გიორგი ჭაუჭიძე საუბრობს:
- კონკურსში ჩართვა აქამდე არ მიცდია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ზერელედ ვუყურებდი. მაინტერესებდა, ჩემი ფავორიტებიც მყავდა, მაგრამ წელს, რეკომენდატორების ინიციატივით, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. გამიხარდა, რომ ამ ეტაპამდე მივედი.
ათეულში და შემდეგ ხუთეულშიც, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზის გამო შემარჩიეს, - რასაც ვაკეთებ სკოლაში, როგორც მასწავლებელი, ვაქვეყნებ როგორც სოციალურ ქსელში, ასევე სხვადასხვა გამოცემის საშუალებით. შესაბამისად, გარკვეული ინფორმაცია აქვთ ჩემს შესახებ. ვერ ვიტყვი, რომ ამ კონკურსის ფარგლებში, დაწვრილებით შეისწავლეს ჩემი საქმიანობა, მაგრამ ამის საშუალებას იძლეოდა ეს აქტივობები ჩემი მხრიდან და ვფიქრობ, პედაგოგიურ გამოცდილებასთან და ასევე, არაქართულენოვან სკოლებში მუშაობის სპეციფიკურ გამოცდილებასთან ერთად, ესეც იყო შერჩევის განმაპირობებელი ფაქტორი.
დაახლოებით 20 წელია, სკოლაში ვმუშაობ და ეს გამოცდილება სხვადასხვაგვარია. ბოლო 15 წელია, ჩართული ვარ არაქართულენოვანი სკოლების მიმართულებით, მიმუშავია სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური სომხების და ქვემო ქართლში ეთნიკური აზერბაიჯანლების სკოლებში, სადაც, შესაბამისად, სწავლებაც ამ ენებზე მიმდინარეობს. ჟიურიმ შეიძლება ერთი ფაქტორიც გაითვალისწინა ამ შემთხვევაში: როგორც მასწავლებელთა ტრენერი, სხვადასხვა მასშტაბურ პროგრამაში ვმონაწილეობდი და ბოლოს ჩავერთე ასევე, ახალი სკოლის მოდელის დანერგვის მიმართულებით. შესაბამისად, ამ მხრივაც მიცნობენ კოლეგები.
- არაქართულენოვან სკოლებში მუშაობა იმ რეგიონებში, სადაც სახელმწიფო ენაზე მეტყველების პრობლემაცაა, ვფიქრობ, ერთგვარი გამოწვევა უნდა იყოს.
- რა თქმა უნდა! თავიდან, როცა ამ სკოლებში დავიწყე მუშაობა და საქმეში ჩავიხედე, დავინახე, რომ ძალიან ბევრი რამ იყო გასაკეთებელი, შეუდარებლად ბევრი, - ვიდრე ქართულ სკოლებში. იყო ყველა მხრივ სირთულე. თავის დროზე მათი ენაც ვისწავლე, რადგან კომუნიკაციის პრობლემა არ მქონოდა, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა და სასწავლო პრობლემებისა, მოსწავლეებთან ურთიერთობა ისეთი ბედნიერებაა, მეორეხარისხოვანი ხდება უკვე ენა და გაგებინების პრობლემაც. პირველ რიგში არის დამოკიდებულება გრძნობებით, რაც შესაბამისად, მათგან მოდიოდა. ამიტომაც შევძელი ამდენ ხანს მემუშავა ისეთ გარემოში. თვითონ ბავშვებისგან მოდიოდა საოცრად დადებითი იმპულსები და ალბათ, ჩემგანაც იმავეს გრძნობდნენ.
პირდაპირ გეტყვით, რომ ამჯერად, ჩემი ერთ-ერთი მოტივატორი კონკურსში მონაწილეობისა, სწორედ ეს არის,- არაქართულენოვანი სასკოლო განათლების პოპულარიზება და სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში, იმ პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ, რაც ამ სკოლებშია.
- ამდენწლიანი გამოცდილების და ასევე, სპეციფიკური გამოცდილებების შედეგად, ალბათ საკუთარი მიდგომა და მეთოდებიც შეიმუშავეთ. რით ხელმძღვანელობთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას?
- ამ შემთხვევაში, როგორც ენის მასწავლებელი, აქცენტს ვაკეთებ ქართულ ენაზე და კონკრეტულად, კითხვის მიმართულებაზე. ამ მიმართულებით ვარ გამოცდილი ტრენერი და მასწავლებელი. ვეწევი პოპულარიზაციას, მათ შორის, გამოცდილების საფუძველზეც, კითხვის სწავლების თანამედროვე მიდგომების შესახებ, მაქვს ჩემ მიერ შექმნილი სხვადასხვა რესურსი, იქნება ეს ტესტი, თუ გაკვეთილების სცენარი. ვცდილობ, ვასწავლო კითხვა სახალისო, საინტერესო და აქტიურ ფორმატში. როდესაც ბავშვი, პირველკლასელი ამ შემთხვევაში, იქნება ხალისით ჩართული პროცესში და არა იძულებით, შედეგსაც გაცილებით უკეთესს მივიღებთ. ქართული წერა-კითხვის სწავლა ხომ ორმაგად რთულია არაქართულენოვან სკოლაში!
- ქართული ენა და ისტორია, ანუ ის საგნები, რასაც თქვენ ასწავლით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერის კულტურისა და თუნდაც მისი წარსულის გასაცნობად. როგორ ფიქრობთ, რა შესძინეთ არაქართველ ბავშვებს ამ წლების განმავლობაში?
- საგანს გარკვეული მნიშვნელობა აქვს, თუმცა არა იმდენი, რამდენიც თვითონ სწავლების პროცესს. ნებისმიერი საგნის სწავლებით შეიძლება იმ მიზნების მიღწევა და იმ დადებითი ზეგავლენის მოხდენა, რაც საჭიროა ამ სფეროში, ამ რეგიონებში და ამ მიმართულებით. საგანზე მეტად, ჩემი აზრით, ურთიერთობები, დამოკიდებულებები უფრო მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით წარმატებებიც მქონია და წარუმატებლობაც. მაგალითად, როდესაც პირველად ჩავიხედე საქმეში, აღმოჩნდა, რომ ერთი კონკრეტული მასწავლებელი, მით უმეტეს, ასე გაფანტულად რეგიონებში, ვერ შეცვლის მდგომარეობას. შეუძლია ბევრი გააკეთოს იმ კონკრეტული სოფლისთვის, ერთი კონკრეტული მოსწავლისთვის, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გადადგას აუცილებლად ამ კუთხით ნაბიჯები. შესაბამისად, უკვე სახელმწიფომაც დაიწყო ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ამაში მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ამ მიმართულებით ვმუშაობდით, შესაძლოა, გარკვეული როლიც შევასრულეთ, შემდგომ დაიწყო უკვე არაქართულენოვან რეგიონებში ისეთი პროგრამები, რაც ქართული ენის გაძლიერებას უწობს ხელს. როცა პირველად მივედი, ფიზიკის, ქიმიის და სხვა სახელმძღვანელოები ამ სკოლებისთვის, ჩვენთან არ იბეჭდებოდა, მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიოდა. თანდათან დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და წარმატებაც ნელ-ნელა მოვიდა.
2011 წლამდე, არაქართულენოვან ბავშვებს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება არ შეეძლოთ, რადგან მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი ეროვნული გამოცდები. როდესაც ნიჭიერი მოსწავლე, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო, წარმატებას ვერ აღწევს, ძალიან მტკივნეულია და ეს სიმწარე არაერთხელ მიგრძვნია. ასე რომ, სახელმწიფოს დახმარების შედეგად, წარმატებებიც თანდათან მოვიდა. ახლა უკვე ჩვენი კურსდამთავრებული უამრავი ბავშვი სწავლობს ქართულ უნივერსიტეტებში. როდესაც მასწავლებლის მცდელობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკას ემთხვევა, შედეგიც არ აყოვნებს.
- „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ფინალისტის ვინაობა 5 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ალბათ, გამარჯვებას ელოდებით?
- აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ თითოეული ის ადამიანი, ვინც ახლა ფინალშია და ვინც თუნდაც ათეულში ვიყავით, გამარჯვებას ვიმსახურებთ. მე შეიძლება, ფინალისტობაც არ მეფიქრა, მაგრამ ეს არის საჩუქარი, სიურპრიზი, სასიამოვნოა ყველასათვის და, ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა. აღიარება ყველა ადამიანს სჭირდება და სიამოვნებს. რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, როცა გაღიარებენ, თანაც ასე მასშტაბურად, ეს არის სასიამოვნო, მაგრამ, ამასთანავე, - დიდი პასუხისმგებლობა.
მე არა ვარ ჯადოსნური ჯოხის მფლობელი მასწავლებელი, რომ მისი ერთი მოქნევით, ყველაფერი იდეალურად გამომივიდეს. მე ყველაზე უკეთ ვაფასებ საკუთარ წარმატებას და ვხედავ ნაკლს, როდესაც რაღაც ისე არ გამომდის, როგორც მინდა, თუმცა მიხარია, რომ მეტი საშუალება მექნება იმ საკითხებზე საუბრისა, რაც მაწუხებს და მიმაჩნია, რომ ყველას უნდა აწუხებდეს.
რაც შეეხება გამარჯვებას, ნებისმიერი ჩვენგანის გამარჯვება არის მოსალოდნელი. არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ეს უკვე შესაძლოა, ერთგვარი შემთხვევითი არჩევანიც იყოს, რადგან თითოეული ჩვენგანი იქნებოდა ამ ჯილდოს ღირსი.