მაია მენაბდე - მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს თავისუფლებას ასწავლის
12-09-2019
2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი მაია მენაბდე ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოსა და არაერთი სტატიის ავტორია. პედაგოგი, რომელიც 14 წელია მოსწავლეთა განვითარებას უძღვნის თავს, ბათუმის N3 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლაში „განათლება“ ასწავლის.

etaloni.ge ქალბატონ მაიას ახლოდან გაგაცნობთ.

- რა არის თქვენი, როგორც პედაგოგის, მუშაობის მთავარი პრინციპი?

- 14 წელია სკოლაში ვმუშაობ და ჩემი მთავარი პრინციპია, ყველანაირი სიახლისთვის ვიყო მზად. თანამედროვე ბავშვი იმდენად მრავალფეროვანი ინფორმაციებითაა მოცული, რომ რთულია დააინტერესო, თუკი დაშტამპული, ტრადიციული მეთოდებით მიუდგები. ვცდილობ, თითოეულ გაკვეთილში სიახლეები შევიტანო. 

ჩემს გაკვეთილზე ბავშვები თავისუფლად უნდა გრძნობდნენ თავს. მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამ თავისუფლებას მხოლოდ პასუხისმგებლობით დაიმსახურებენ.

- როგორც ვხვდები, თქვენი დიდი სურვილია, ბავშვებს აუხსნათ, რა მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას?

- დიახ. თავისუფლებაა, რომ არ ეშინოდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის, რომ ადვილად მოძებნონ საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები. დავით გურამიშვილი ამბობს: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო“. ვთვლი, რომ ბავშვები თავიანთი თავის პოვნას მხოლოდ ისეთ გარემოში შეძლებენ, სადაც თავისუფლებას გრძნობენ. მაშინ ამ თავისუფლების დაფასებასაც ისწავლიან.

- თქვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, იყოთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი? 

- ზოგადად მასწავლებლობა საპასუხისმგებლოა. ქართული არ არის უბრალოდ საგანი. ეს არის ენა, რომელზეც ბავშვები აზროვნებენ. ქართულით იქმნება ხიდი სხვა საგნებთან, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც დიდია. 

- რა გაძლევთ სტიმულს, რომ აქტიური მასწავლებელი იყოთ?

- ვფიქრობ, მასწავლებლის მოტივაცია ბავშვებშია. ყოველთვის ვცდილობ, ბავშვებისთვის საინტერესო იყოს ჩემთან ერთად მუშაობა. ხშირად შედეგებს მაშინვე ვერ ვხედავთ. გადის წლები და ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ ბავშვების სწორად ჩამოყალიბებისთვის რაღაც გაგვიკეთებია. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ამ ღვაწლის გამო ბავშვები მადლიერებას გამოხატავენ. მუშაობისთვის დიდი სტიმულია, როდესაც ადამიანს მისი გზის პოვნაში ეხმარები, მიღებული შედეგი კი ინდიკატორია - სწორად მუშაობ თუ არა.

- რა მეთოდებს იყენებთ, რომ თითოეული გაკვეთილი უფრო საინტერესო გახადოთ?

- მე არ შემოვიფარგლები მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოთი. ვაკვირდები მოსწავლეების ინტერესებს და იმის მიხედვით ვარჩევ დამატებით მასალებს, ვაჩვენებ ვიდეოებსა და ანიმაციებს.

ჩემი ყოველი გაკვეთილი ჩარჩოებისგან თავისუფალია. მაგალითად, კვირის დასაწყისი რადგან მძიმეა, ვცდილობ, ყოველი ორშაბათი განსაკუთრებული იყოს. სხვადასხვა, მათთვის საინტერესო თემაზე ვაკითხებ სტატიებს და გვაქვს საინტერესო დისკუსიები. ხანდახან ორშაბათებს კითხვის ან მონოლოგების დღედ ვაცხადებთ. 

დიდ ყურადღებას ვაქცევ არაფორმალურ განათლებას, რადგან ვთვლი, რომ თანამედროვე განათლება სწორედ აქეთკენ მიდის.  ხუთი წლის წინ ბავშვების ინიციატივით დავაარსეთ „მკითხველთა და კრიტიკოსთა“ კლუბი. მას შემდეგ არასოდეს არაფერს ვგეგმავ მარტო, ბავშვები ყველაფერში მაქსიმალურად არიან ჩართულები. ერთად განვიხილავთ მათ ყოველ ახალ იდეასა და ინიციატივას. ეს პროცესი ზრდის მათ პასუხისმგებლობას და თავდაჯერებაც ემატებათ. მაგალითად, წელს გავაკეთეთ მონოლოგების კონკურსი „8 წუთი- 8 ამბავი", სადაც კონკურსანტებს 8 წუთის განმავლობაში, აუდიტორიის წინაშე, სხვადასხვა პრობლემაზე და მათი გადაჭრის გზებზე უნდა ესაუბრათ. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის და კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა. რაც მთავარია, ბავშვებს ძალიან მოეწონათ და ვგეგმავთ, ეს კონკურსი ყოველწლიურად ჩავატაროთ.

- თქვენი აზრით, დღეს პედაგოგებს რამდენად აქვთ პირობები განვითარებისთვის?

- ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებელს თვითგანვითარებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი აქვს, რადგან ასე ვერ იქნება ქვეყანაში, სადაც ბევრი რამ მოსაწესრიგებელია. თუმცა არის კონკურსები, სემინარები, საინტერესო შეხვედრები, რომლებიც მასწავლებლებს განვითარებისთვის კარს უხსნის. საკუთარი გამოცდილებით რომ ვისაუბრო, მაგალითად, პროექტით „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ ესტონეთში ვიყავი წასული. რამდენიმე წლის წინ პროგრამა „პესტალოცის“ ფარგლებში კი გერმანიაში გავემგზავრე. ამ ვიზიტების ფარგლებში გავეცანი თანამედროვე განათლების გამოწვევებს. ეს დიდი გამოცდილება იყო, რომელიც დამეხმარა სიახლეების დანერგვაში ჩემს საგაკვეთილო პროცესში.

- თქვენ რას აკეთებთ  პროფესიული განვითარებისთვის?  

- მთავარი მაინც საკუთარ თავთან მუშაობაა. სტატიებსაც იმიტომ ვწერ, სახელმძღვანელოს შედგენაშიც იმიტომ ჩავები, რომ ჩემი გამოცდილების თავმოყრა და სხვისთვის გაზიარება მინდოდა. მონდომებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.

- თქვენი აზრით, რა არის მთავარი მიზეზი, რომ დღეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი ხართ?

- როგორც ჩანს, ყურადღებას აქცევენ ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც სპეციალურად კონკურსისთვის კი არ აკეთებენ რაიმეს, არამედ ვისთვისაც ეს ცხოვრების წესია.

ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში გამოჩნდა, რომ რასაც ვაკეთებ, გუშინ არ დამიწყია. მასწავლებელი თანამედროვე გამოწვევებს უნდა პასუხობდეს და, ალბათ, აღმოჩნდა, რომ ჩემი საქმიანობა ამ გამოწვევებს პასუხობს.

- გამარჯვების შემთხვევაში რაში დახარჯავთ მიღებულ თანხას?

- მოგატყუებთ, რომ გითხრათ გამარჯვებაზე ვოცნებობ - მეთქი, რადგან ხუთეულში მოხვედრაც დიდი გამარჯვება და სიხარულია. თანხას ისევ ბავშვებში წიგნიერების დონის გაზრდას მოვახმარ. „მკითხველთა და კრიტიკოსთა“ კლუბთან ერთად ,,ლიტერატურულ ბანაკებსაც“ ვატარებთ. სახელი ,,ბანაკი“ მოსწავლეებმა შეურჩიეს, თუმცა რეალურად ეს ბანაკი არ არის, რადგან არასდროს გვქონია ისეთი დაფინანსება, ქალაქგარეთ გავსულიყავით ღამისთევით. მოპოვებულ თანხას რეალური ბანაკის დაგეგმვას მოვახმარდი. ბანაკში მონაწილების მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლეს შეუძლია, მაგრამ პრობლემას სწორედ ის გვიქმნის, რომ სხვა რეგიონების ბავშვების დატოვება არ შეგვიძლია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203