როგორ შევაყვაროთ მოსწავლეებს წიგნები -„თუ განათლებას პრიორიტეტად ვაქცევთ, ყველა პრობლემა მოგვარდება“
10-09-2019

„არსებობს ერთი, ყველაზე ცუდი რამ - წიგნის წაუკითხაობა ბოლო 90 დღის მანძილზე და იმაზე ფიქრი, რომ არაფერი არ მომხდარა“. თანამედროვე მსოფლიოში მოზარდთა წიგნიერების დაბალი მაჩვენებელი ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა. ტექნოლოგიების განვითარებამ და ეკრანდამოკიდებულებამ წიგნის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად შეამცირა.

ETALONI.GE  სკოლებში წიგნიერების დონის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით იმ ადამიანებს ესაუბრა, ვისაც აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად ეხებათ. ჩვენი რესპოდენტები სკოლის დირექტორები არიან:

ქედის მუნიციპალიტეტის ახოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ომარ ბოლქვაძე:

„ჩვენს სკოლას საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გააჩნია. შესაბამისად, მოსწავლეები წიგნებით დაინტერესებულები არიან. გარდა ამისა, გასულ წელს გავიმარჯვეთ პროექტში, რომლის ფარგლებშიც საჩუქრად გადმოგვეცა თანხა. აღნიშნული თანხით შევიძინეთ წიგნები. მიმაჩნია, რომ თუ სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით უფრო მეტად მომარაგდება, წიგნიერების დონე აიწევს“.

მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილი:

„დღევანდელ რეალობაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიოს. აღნიშნული ინფორმაცია კი ბოლომდე მართებული არ არის. ჩემი აზრით, სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც წიგნიერების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში უფრო დიდია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მე წიგნიერების გასაუმჯობესებლად გამოსავალს თავისუფალ წერაში ვხედავ. ჩვენს სკოლაში ხორციელდება წიგნის გადაწერა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს ევალებათ გადაწერონ „ვეფხისტყაოსანი“, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები და აშ. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ჩემი აზრით, მოსწავლეებს ლიტერატურის წაკითხვის საშუალებას აძლევთ. გარდა ამისა, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ მაგალითი სხვებისგან, რომ მეტი წაიკითხონ. ჩვენს სკოლაში ყოველ წელს ტარდება ღონისძიება, რომლის დროსაც მშობლები მოდიან სკოლაში და თავიანთ შვილებთან ერთად კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას. ვისურვებდი, რომ სკოლაში ჩატარებული აქტივობები ერთ მოცემულობაში არსებობდეს, რათა ყველას შეეძლოს ნახვა. ერთი შტრიხის დამატებით შესაძლებელია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ვარლამ თაგოშვილი:

„ჩვენს სკოლაშიც არსებობს წიგნიერების პრობლემა. სოფელში ხალხს ფინანსურად ძალიან უჭირთ. ამიტომ, სკოლის გოგონები და ბიჭები ლუკმა-პურის საშოვნელად თავიანთ ოჯახებს ეხმარებიან. შესაბამისად, წიგნების კითხვის დრო არ რჩებათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსწავლეები წიგნებით დავაინტერესოთ, თუმცა როგორც ჩანს, ჩვენი მუშაობა წიგნიერების დონის ასამაღლებლად საკმარისი არ არის“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზა ნემსაძე:

„ჩემი აზრით, ბიბლიოთეკების უკეთ აღჭურვა თანამედროვე ლიტერატურით, კითხვის საათის ჩატარება სკოლებში მნიშვნელოვანი გამოსავალია წიგნიერების დონის გასაუმჯობესებლად. დანარჩენი კი მოსწავლეებზეა დამოკიდებული“.

ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგნის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ჯაფარიძე:

„წიგნიერების დაბალი დონე ნამდვილად დიდი პრობლემაა სკოლებში. მიმაჩნია, რომ გამოსავალი  სკოლებში ღონისძიებების განხორციელებაშია, ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს წიგნიერების დონის ამაღლებასა და თვითგანვითარებას. ჩვენს სკოლაში ვატარებთ ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: ბიბლიოთეკის დღე, წიგნიერების დღე, ვიქტორინები, ვახორციელებთ „თამაშით სწავლის“ აქტივობას. „გემრიელი ვიქტორინა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს  სავალდებულოდ წასაკითხ წიგნებს ვაძლევთ. თუ მოსწავლეები უპასუხებენ კითხვებს წიგნებიდან, ვასაჩუქრებთ ნამცხვრებით. აღნიშნულმა აქტივობებმა საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა და მოსწავლეებს კითხვის მოტივაცია გაუჩინათ“.

ვანის მუნიციპალიტეტის ზედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი ნაირა ქარჩხაძე-გოგაბერიშვილი:

„საბედნიეროდ, ჩვენს სკოლაში წიგნიერების პრობლემა არ არსებობს. მოსწავლეები ასაკის შესაბამისად კითხულობენ წიგნებს. იმისთვის, რომ მათ წიგნები შევაყვაროთ, სკოლაში ვახორციელებთ ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: წიგნის დღე, ანბანის დღე, ლექსების შეჯიბრი. ჩემი აზრით, სოფლებს ბიბლიოთეკები რომ გააჩნდეთ, წიგნიერების დონე უფრო მაღალი იქნებოდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეების მშობლები ძალიან დაინტერესებულები არიან თავიანთი შვილების წიგნიერებით. შესაბამისად, ისინი ხშირად იძენენ წიგნებს სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით“.

გორის მუნიციპალიტეტის მეღვრეკისის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა გოგინაშვილი:

„ტექსტების გააზრება მოსწავლეებს ნამდვილად ძალიან უჭირთ, რაშიც ხელს შემოსული ტექნოლოგიები უშლით. ამას მშობლების უყურადღებობაც ემატება, რომლებიც შვილებს ტელეფონს აძლევენ ხელში, კომპიუტერთან ყოფნის დროს არ უსაზღვრავენ და ნაკლებად აყვარებენ წიგნებს. მიმაჩნია, რომ მშობელს, რომელსაც ხელში წიგნი უკავია, იმისი შვილი წიგნებით აუცილებლად დაინტერესდება.ჩვენს სკოლაში წიგნიერების პრობლემა უფროს კლასებში უფრო მეტადაა, ვიდრე დაბალ კლასებში. აქედან გამომდინარე, დაბალი კლასის მოსწავლეები ბევრად უფრო აქტიური მკითხველები არიან. თუ განათლების სამინისტრო მხატვრული ლიტერატურის შეძენაში დაგვეხმარება, უკეთეს შედეგს მივიღებთ. ჩვენი სკოლის დაწყებით კლასებში ვატარებთ: კითხვის საათს, ბიბლიოთეკაში ვაწყობთ კითხვის დღეს, აღვნიშნავთ ბიბლიოთეკის დღეს და აშ“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ზეგნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მარაქველიძე:

„ინტერნეტმა და სატელეკომუნიკაციო საშუალებებმა იმდენად გაამარტივა ყველაფერი, რომ წიგნის წასაკითხად მოსწავლეებს არც დრო რჩებათ და სურვილიც არ გააჩნიათ. მიმაჩნია, რომ უფრო მეტი კულტურული ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლეებს კითხვა შევაყვაროთ. ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ქართულის წრე, თუმცა წიგნიერების დონის ასამაღლებლად ეს საკმარისი არ არის“.

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი ლია შატაკიშვილი:

„ჩვენს სკოლაში განვახორციელეთ ისეთი პროექტები, როგორებიცაა: 9 აპრილის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს ამ დღესთან დაკავშირებით და გააანალიზეს პოლიტიკური მდგომარეობა. მცხეთობასთან დაკავშირებით განვახორციელეთ ღონისძიება ისტორიულ ეპოქასთან დაკავშირებით, ინგლისურის პედაგოგმა ჩაატარა პროექტი სუიციდთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში განიხილეს ფილმი და წაიკითხეს წიგნი, რომლის საფუძველზეც ფილმია გადაღებული. "დედაენის დღესთან" დაკავშირებით მე-3 კლასში ჩატარდა არაჩვეულებრივი აქტივობა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს ლექსები, გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას. გარდა ამისა, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან რეგიონის სხვადასხვა პროექტებშიც. მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუ დააჯილდოვებენ ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც ბევრ წიგნს წაიკითხავენ, დააფიქსირებენ თავიანთ აზრს წიგნების პერსონაჟების შესახებ და პრეზენტაციას გააკეთებენ. ჩემი აზრით, აღნიშნული აქტივობის ჩატარებით მოსწავლეები უფრო დაინტერესდებიან წიგნებით და კითხვის მოტივაციაც მეტი ექნებათ“.

ვანის მუნიციპალიტეტის ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი იულო ხელაძე:

„სასწავლო პროცესი მეტ მრავალფეროვნებას საჭიროებს. ჩემი აზრით, „ექვსი ქუდის“ მეთოდის გამოყენება გაკვეთილზე მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ, თუმცა იმისთვის, რომ აღნიშნული მეთოდი დაინერგოს სკოლაში, პედაგოგებმა ტრენინგები უნდა გაიარონ. წიგნიერების დონის ასაწევად საჭიროა ლიტერატურული კლუბების შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნობიან და გაიაზრებენ სხვადასხვა მწერლების ნაწარმოებებს“.

აფხაზეთის N21 საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ აძიმბაია:

„წიგნიერების დონის ასამაღლებლად ყველაზე მთავარი ის არის, რომ განათლება პრიორიტეტად განვსაზღვროთ და ყველა სხვა პრობლემა მოგვარდება. თუ გაკვეთილს პროფესიონალები ჩაატარებენ, განათლების დონე მნიშვნელოვნად აიწევს. ცოტანი არიან ახალგაზრდები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ. ამიტომ, ბავშვებს საბავშვო ბაგა-ბაღებიდანვე უნდა შევაყვაროთ წიგნების კითხვა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ განათლება გამოცხადდეს პრიორიტეტად, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება ქვეყნის წინსვლა. წიგნს ცალკე ნუ გამოვყოფთ, რადგან წიგნის კითხვა განათლებაშია, განათლებას წიგნის გარეშე ვერ შევიძენთ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203