საქართველოს საჯარო სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამჟამად პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამარჯვების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
რამდენად კმაყოფილია სკოლის ადმინისტრაცია ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით?-ამ საკითხზე სასაუბროდ ETALONI.GE სკოლის დირექტორს ნინო სულიაშვილ-არაბულს ესაუბრა.
- გვიამბეთ სკოლაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ?
- სკოლის სარეაბილიტაციო პროცესი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“, „მილენიუმისა“ და „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს“ ერთობლივი პროექტით განხორციელდა. ექსპერტების ვარაუდით, კახეთში ყველაზე საუკეთესოდ ჩვენი სკოლა გარემონტდა.
- რამდენად ძვირი დაჯდა სკოლის რეაბილიტაცია?
- სკოლის რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირი დაჯდა, რადგან სკოლა 1980 წელს არის აშენებული და სარემონტო სამუშაოების დაწყებისას აღმოჩნდა, რომ კედლები უსაფრთხო არ იყო. ამიტომ, ზოგიერთი კედლის თავიდან ამოშენება გახდა საჭირო.
- გაქვთ თუ არა სკოლაში სპორტდარბაზი და ლაბორატორიები?
- დიახ, სკოლას გააჩნია საუკეთესო სპორტდარბაზი და ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა კი აღჭურვილია ძალიან კარგი ინვენტარითა და სამკითხველო დარბაზით.
- რამდენად ადაპტირებულია სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის?
- სკოლას აქვს საკმაოდ კეთილმოწყობილი და ადაპტირებული რესურს ოთახი შშმ პირებისთვის, პანდუსები, ადაპტირებული საპირფარეშო და შესასვლელი.
- რამდენ მოსწავლეზეა გათვლილი სკოლა?
- ჩვენი სკოლა 350 მოსწავლეზე იყო გათვლილი, თუმცა ამჟამად 110 მოსწავლე სწავლობს.
- არის თუ არა სკოლაში ისეთი ხარვეზი, რომლის მოგვარებაც გნებავთ?
- ამჟამად ჩვენს სკოლაში არანაირი ხარვეზი არ არსებობს, რომლის მოგვარებასაც ვისურვებდი. მიმდებარე ეზოს აკეთებენ, თუმცა იმის იქით სამშენებლო ნარჩენი გასატანია და იმედია, ამ პროცესშიც დაგვეხმარებიან.
- როგორი განწყობით იწყებთ ახალ სასწავლო წელს?
- ძალიან გახარებულები ვართ, დიდი იმედითა და მოტივაციით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს. იმედი მაქვს, სასწავლო პროცესიც გარემოს შესაფერისი იქნება.
იხილეთ ფოტოები