საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ მხრიდან დისკრიმინაცია დაადგინა და რეკომენდაციით მიმართა უნივერსიტეტს, შეცვალოს სწავლის შედეგების საშუალო კოეფიციენტის (GPA) მიხედვით სტუდენტების სეგრეგაციის წესი.
„საქართველოს უნივერსიტეტში“ არსებული პრაქტიკის თანახმად, 2-ზე დაბალი GPA-ს მქონე სტუდენტებს საგნების არჩევა-რეგისტრაციის პერიოდში არ ეძლევათ შესაძლებლობა, აირჩიონ ყველა შემოთავაზებული სალექციო ჯგუფი და დრო, ხოლო, 2-ზე მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტებს, მსგავსი შეზღუდვა არ აქვთ. პირველი სემესტრის სტუდენტების შემთხვევაში ამგვარი დაყოფა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ხდება. მოპასუხის პოზიციის თანახმად, ამგვარი დაყოფის მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა", - აცხადებს სახალხო დამცველი.
ამასთან, რეკომენდაციაში ყურადღება გამახვილებულია, როგორც აღნიშნული წესის სწავლის გაუმჯობესების მიზნებისთვის გამოუსადეგარობაზე, ასევე ასეთი დამოკიდებულებით სტუდენტების პიროვნული განვითარების შეზღუდვაზე.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სტუდენტები არიან ზრდასრული, დამოუკიდებელი პიროვნებები, რომლებსაც აქვთ უნარი თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, მათ შორის, დაგეგმონ საკუთარი აკადემიური ცხოვრება. „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიდგომა კი სტუდენტებს პიროვნული შესაძლებლობების ერთიან გარემოში გამოვლენის საშუალებაა ართმევს. წინა სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიღებული შედეგის საფუძველზე მომავალი სემესტრის დაგეგმვა და ხელოვნური ბარიერების შექმნა გულისხმობს სტუდენტის პირადი, დამოუკიდებელი არჩევანის შეზღუდვას. ამასთან, საგულისხმოა, რომ აკადემიური მოსწრების მიხედვით სტუდენტების „სუსტ“ ჯგუფებში გადანაწილება მათ სტიგმის ქვეშ აქცევს, რაც შესაძლოა, ინდივიდისთვის შეურაცხმყოფელიც იყოს.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ უნივერსიტეტს არ აქვს კომპეტენცია, განსაზღვროს, კონკრეტული სტუდენტი, მისი მიმდინარე აკადემიური მოსწრების მიუხედავად, როგორ წარმართავს მომავალ სასწავლო სემესტრს, ასევე, რომელ სტუდენტს რა სახის გონებრივი ძალისხმევის და რა ტიპის სამუშაოს შესრულება უწევს დადებითი ან უარყოფითი შედეგის მისაღებად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა „საქართველოს უნივერსიტეტს“ მიმართა, სწავლების ყველა საფეხურსა და ყველა ფაკულტეტზე გაუქმდეს დიფერენცირებული სალექციო ჯგუფები, რაც ითვალისწინებს 2-ზე ნაკლები და 2-ზე მეტი GPA-ს მქონე სტუდენტებისთვის (პირველი სემესტრის სტუდენტების შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით) სალექციო კურსების არჩევასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად მიეცემათ შესაძლებლობა, დისკრიმინაციისგან თავისუფალი აკადემიური გარემოთი ისარგებლონ.