„სკოლა ორპირი ხანჯალია; აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული“.
მასწავლებლის პროფესია აღმზრდელის მრავალმხრივ მოღვაწეობას გულისხმობს. პედაგოგი ის ადამიანია, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას აძლევს მოსწავლეებს, არამედ მისი მოვალეობა მოსწავლის, როგორც სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებაცაა. დიდი ჩეხი პედაგოგი, ჰუმანისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე-იან ამოს კომენსკი მასწავლებელს მიიჩნევს პიროვნებას, რომელიც -"ადამიანობის სახელოსნოში საზოგადოებას უწვრთნის ღირსეულ მომავალ თაობას".
რა ევალება მასწავლებელს? და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი? - ამ საკითხებზე სასაუბროდ ELALONI.GE სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა:
წალკის მუნიციპალიტეტის იმერის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ხოზრევანიძე:
„მასწავლებელი პირველ რიგში, ღირსებას უნდა იცავდეს და წინსვლა შეეძლოს, ისეთი სწავლების მეთოდები უნდა დანერგოს სკოლაში, რომ თითოეული მოსწავლის დაინტერესება შეძლოს. გარდა ამისა, მასწავლებელმა შესაბამისი სტანდარტები უნდა დაიცვას მოსწავლეებთან ურთიერთობაში, ყველა მოსწავლეს ერთნაირი მეთოდებით ასწავლოს და არავითარ შემთხვევაში არ გაარჩიოს მოსწავლეები. პედაგოგმა მოსწავლეებს ის თვისებები უნდა გამოუმუშაოს, რომლითაც ქვეყანას გამოადგებიან“.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აკობიძე:
„პედაგოგი უპირველეს ყოვლისა, თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს და ძალიან უყვარდეს ბავშვები. მასწავლებელი ვალდებულია, იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან კი დაბალანსებული ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. გარდა ამისა, პედაგოგი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს აუცილებლად უნდა პასუხობდეს“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის წყალშავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მჭედლიძე:
„მასწავლებელი ვალდებულია, მუდმივად ზრუნავდეს თავის პროფესიულ განვითარებაზე, რაშიც სახელმწიფო ნამდვილად ხელს უწყობს. გარდა ამისა, მასწავლებელმა მოსწავლეებთან ისეთი დამოკიდებულება უნდა ჩამოაყალიბოს, რომ ბავშვებმა თავისუფლად შეძლონ თავიანთი ინტერესების გამოვლენა და ამაში მასწავლებელმაც ხელი შეუწყოს. პედაგოგი მოსწავლეებთან ურთიერთობაში მომთხოვნიც უნდა იყოს და მეგობრულიც“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სატივის საჯარო სკოლის დირექტორი რუიზან მარაბდელი:
„პედაგოგი მოტივირებული და სიახლეების მოყვარული უნდა იყოს. მისი ვალია, უყვარდეს თავისი მოსწავლეები, იცავდეს სკოლის შინაგანაწესს, მოვალეობებს და მუდმივად ზრუნავდეს თავის პროფესიულ განვითარებაზე. მასწავლებელი ვალდებულია, ჩაატაროს თითოეული გაკვეთილი სრულფასოვნად. როდესაც მოსწავლეებთან შევდიოდი, ხშირად ვეუბნებოდი: „გაკვეთილზე თქვენი მასწავლებელი ვარ, გაკვეთილების შემდეგ კი თქვენი მეგობარი“. გაკვეთილი გაკვეთილია, მაგრამ მოსწავლეებთან ზომიერი მეგობრობაც აუცილებელია.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ცირეკიძე:
„მთავარია, პედაგოგს ბავშვები უყვარდეს და შეეძლოს თითოეული მოსწავლის განწყობის ამოცნობა. როდესაც მასწავლებელი ბავშვს შეხედავს, მაშინვე უნდა მიხვდეს მის პრობლემას. პედაგოგი ფაქტობრივად ფსიქოლოგი უნდა იყოს და გააჩნდეს თანაგანცდის უნარი. თითოეული მოსწავლის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანოს და შვილებივით ექცეოდეს თითოეულ მოსწავლეს. ერთ დირექტორს ვიცნობდი, რომელიც ხშირად ამბობდა: “მოსწავლემ დედინაცვლობა არ უნდა იგრძნოს სკოლაშიო“. დანარჩენი კი ყველაფერი მოგვარდება. ჩვენს სკოლაში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდეს“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე:
„პედაგოგი ვალდებულია, კარგად იცნობდეს მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თითოეულ მათგანს თავისი დამოკიდებულება აქვს ცხოვრების მიმართ. ყველაფერს ამას კი მასწავლებელი იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ კარგად იცის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია. პედაგოგი ვალდებულია, მოსწავლეები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აქციონ, რასაც მაშინ მოახერხებს, თუ მოსწავლეებთან დამოკიდებულებას შეიცვლის და თანამედროვე ხედვით შევა სკოლაში. დღევანდელი განათლების რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს პედაგოგის ცოდნის დონე და განათლებით დავეწიოთ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს. სწორედ ეს გახლავთ ის ფუნდამენტალური განვითარება, რომელიც დღეს რეფორმით არის დაწყებული. თუ განვითარება გვინდა, არ შეიძლება განათლების რეფორმა შეჩერდეს“.
წალკის მუნიციპალიტეტის ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წიფიანი:
„პედაგოგი ვალდებულია, მოსწავლეს საგანი შეაყვაროს. თუ ბავშვს საგანი არ უყვარს, ჩემი აზრით, მასწავლებლის ბრალია. როგორი დამოკიდებულებაც გააჩნია პედაგოგს მოსწავლესთან, მოსწავლეც ამავე დამოკიდებულებით პასუხობს. ჩვენი სკოლის პედაგოგების 90 % ინოვაციურები, მეგობრულები არიან და იციან მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ მოსწავლეებს მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ძალიან მაღალ დონეზე ვასწავლით“.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის საშურის მუნიციპალიტეტის ქვიშხეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბასიაშვილი:
„პედაგოგი პირველ რიგში, თავისი საგნის პროფესიონალი უნდა იყოს და ბავშვები უნდა უყვარდეს, აუცილებლად უნდა შეეძლოს მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან მეგობრობა. დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება. ჩვენს სკოლაში პედაგოგების უმრავლესობა ნამდვილად გამოირჩევა იმ თვისებებით, რომლებიც ჩამოვთვალე. აქედან გამომდინარე, სკოლაში ძალიან კოლეგიალური და მეგობრული დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი იური მრელაშვილი:
„გარდა თავისი პროფესიონალიზმისა, პედაგოგი კარგი აღმზრდელიც უნდა იყოს. ის ვალდებულია, იცნობდეს მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებს, საჭიროებებს, უნარ-ჩვევებს და მოსწავლეს არა მხოლოდ საგანი, არამედ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებიც ასწავლოს. მასწავლებლის ვალია, აღზარდოს პატრიოტი, ტოლერანტი, შემწყნარებელი, მოყვასისა და სამშობლოს მოყვარული, სიკეთის მთესველი ადამიანი. როგორც მშობელი ზრდის საკუთარ შვილს ოჯახისა და ქვეყნის სასიკეთოდ, ასევე უნდა ზრდიდეს მასწავლებელიც მოსწავლეს. პედაგოგმა თავისი პოზიციის გამოხატვით მაგალითი უნდა აჩვენოს სხვებს. ამიტომ, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს შინაგანად ჰუმანური, კულტურული და ინტელექტუალი პიროვნება. დღევანდელი პედაგოგები იშვიათი გამონაკლისების გარდა, ნამდვილად არიან ამ თვისებებით დაჯილდოებულები".