ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს 2020 წლიდან მიიღებს
19-09-2019

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციისას აღნიშნა, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის ფონდმა „ქართუმ“ მილიარდი ევრო გაიღო.

„ფონდი „ქართუს“ მხრიდან 1 მილიარდი ევროს ინვესტირება განათლების მიმართულებით -  ქუთაისის უნივერსიტეტში, არის უდიდესი საქმე. ციფრებზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, 1 მილიარდი ევრო დაახლოებით განათლების სისტემის დაახლოებით 3 წლის ბიუჯეტია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინვესტიცია. ასევე, უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის ძალიან აქტიური თანამშრომლობა მსოფლიოში წამყვან, მიუნჰენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და ევროპის სამეცნიერო ცენტრებთან.

ახლა მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა და 2020 წელს ვემზადებით იმისთვის, რომ მივიღოთ პირველი სტუდენტები. რაც მთავარია, ეს პროექტი გაგრძელდება, კიდევ უფრო განვითარდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ფონდი „ქართუს“ ეს უნიკალური პროექტი, რომელიც ქუთაისში იწყებს ფუნქციონირებას, შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი ქვეყანა აქტიურად იყოს წარმოდგენილი რეგიონში განათლების უმთავრეს ცენტრად“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. 

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება - ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203