გაიცანით აფხაზეთის N21 სკოლის მასწავლებელი, რომელმაც ბილ კლინტონის მადლობის წერილი მიიღო
მასწავლებლის პროფესია უძველესია. ის აღმზრდელის მრავალმხრივ მოღვაწეობას გულისხმობს. პედაგოგი ის ადამიანია, რომელიც „ადამიანობის სახელოსნოში საზოგადოებას უწვრთნის ღირსეულ მომავალ თაობას“.როლანდ ხარებავა გამოჩენილი პედაგოგია, რომლის საქმიანობითაც ნამდვილად უნდა ვიამაყოთ. წარმატებულმა მასწავლებელმა პედაგოგიური საქმიანობის ღირსეულად განხორციელებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს ბილ კლინტონის მადლობის წერილი მიიღო. როგორც როლანდ ხარებავა
ETALONI.GE-სთან საუბარში აცხადებს, სკოლა მისთვის ყველაფერია და მის გარეშე ცხოვრება ერთი დღეც ვერ წარმოუდგენია.
აფხაზეთის N21 საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლაში გატარებულ საინტერესო წლებსა და აშშ-ში მიღებულ მნიშვნელოვან შთაბეჭდილებებს
ETALONI.GE-ს მკითხველს უზიარებს:
- გვიამბეთ, სკოლაში თქვენი მოღვაწეობის შესახებ?- ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ. ამიტომ, სკოლასთან შეხება დაბადებიდან მაქვს. სკოლაში მოღვაწეობა 1967 წელს მარტვილის რაიონში დავიწყე. ვიყავი კომკავშირის რაიკომის შტატგარეშე მდივანი. მოგვიანებით აკადემიკოსმა, პროფესორმა, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის გამგე - სერგო თოფურიამ ფოთში სამუშაოდ მიმიწვია, სადაც ლექციას ვკითხულობდი ალბათობის თეორიასა და უმაღლესი მათემატიკის პრაქტიკაზე. მოგვიანებით თბილისის პედაგოგიის კვლევით ინსტიტუტში ჩავაბარე და პედაგოგიურ საკითხებზეც ვმუშაობდი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ დამაწინაურეს და სასწავლო აღმზრდელობით დარგში გადამიყვანეს. 1980 წელს მე-7 სკოლის დირექტორად დავიწყე მუშაობა. 1983 წელს გამათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან და გადამიყვანეს 135-ე საშუალო პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის დირექტორად, სადაც 1989 წლამდე დავყავი. ამავე წელს ამირჩიეს პირველი საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც 2007 წლამდე ვიმუშავე. ამ სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში მიღებული მაქვს მრავალი ჯილდო და სიგელი.
სტუდენტობის პერიოდში დაწერილი მაქვს ბევრი ნაშრომი. გამოქვეყნებული მაქვს შრომები სასწავლო პროცესზე, ილია ვეკუას შრომების გამოყენება პრაქტიკაში და უსასრულოდ ბევრი მეთოდური წერილები. ეს ყველაფერი გაზეთებშიც არის აღწერილი. გარდა ამისა, ჩვენმა სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა „ეტალონში“, რის გამოც „ეტალონის“ მადლობაც დავიმსახურე. ამჟამად, წიგნს ვამზადებ სახალისო მათემატიკასა და ამოცანათა კრებულზე.
- როგორც ვიცით, პედაგოგიური საქმიანობისთვის ბილ კლინტონის მადლობის წერილი მიიღეთ, რა დამსახურებისთვის გადაგიხადათ მადლობა?- საქართველოში ამერიკის დელეგაცია მოვიწვიეთ, რომლებმაც პირველი საშუალო სკოლა დაათვალიერეს. ამ პერიოდში ჩემი თაოსნობით, 5 მოსწავლე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში გავგზავნეთ და ჩვენც მოვიწვიეთ უცხოელი მოსწავლეები საქართველოში. აღნიშნული პროექტი 1995 წლამდე გაგრძელდა. შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში პირველი საშუალო სკოლის 150 მოსწავლიდან 120 მოსწავლე გაიგზავნა აშშ-ში. პედაგოგიური საქმიანობის წარჩინებით განხორციელებისა და მოსწავლეების წარმატებისთვის კი ბილ კლინტონის მადლობის წერილი მივიღე. მოგვიანებით, აზრთა გაზიარების მიზნით მეც მიმიწვიეს აშშ-ში, სადაც დამათვალიერებინეს სკოლები, დავესწარი ამერიკელების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, ალბათობის თეორიაში ლექცია წავიკითხე და მათგან დიდი მხარდაჭერა დავიმსახურე.
- თქვენი შეხედულებით, როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი?- პირველ რიგში, პედაგოგი კარგი აღმზრდელი უნდა იყოს. ყველა მასწავლებელმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა ასწავლოს, მაგრამ როგორ უნდა ასწავლოს ეს სამწუხაროდ, არ იციან. მასწავლებლის ვალი მოსწავლის აღზრდაა. თუ ის მოსწავლეს ადამიანად ვერ აღზრდის, მას რიგითი მასწავლებელი შეიძლება უწოდო. პედაგოგი სულ ძიებაში უნდა იყოს და სიახლეებს არ უნდა ჩამორჩეს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პედაგოგმა ჯერ თვითონ უნდა ისწავლოს და ერისათვის ყველაზე დიდი საქმე აკეთოს. 1971 წელს სიტყვით გამოვედი და ვთქვი: „სუსტი პედაგოგი არ უნდა იყოს სკოლაში, ყველაფერში შეიძლება შეცდომის დაშვება, მაგრამ თუ მასწავლებელი ბავშვს ატყუებს, იმ მასწავლებლისა და სკოლის ფასი ფუჭია“. თუ პედაგოგი ხარ, სკოლაზე უნდა ზრუნავდე. სკოლა პირველი სახლია მასწავლებლისთვის, სადაც მეტად საინტერესო დროს ატარებს. თუ მასწავლებელს მოსწავლეები არ უყვარს, ის პედაგოგი ვერ იქნება.
- თქვენი აზრით, ვის ენიჭება მთავარი როლი ბავშვის აღზრდის დროს, მშობელს თუ სკოლას?- მიმაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის დროს მთავარი როლი ოჯახს ენიჭება, თუმცა საზოგადოება და სკოლაც დიდ როლს ასრულებენ. ამიტომაც არის, რომ დღეს მოზარდი სამკუთხედის წვერზე დგას. მშობლების უმრავლესობა აღმზრდელობითი თვალსაზრისით თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, რაც ეკონომიკური სიდუხჭირის ბრალია. ერთ მხარეს სკოლაა, მეორე მხარეს კი საზოგადოება, რის გამოც, ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობა ქუჩაშია. მოსწავლეები ტელევიზორში ბილწსიტყვაობას უყურებენ, სკოლას კი ძალიან უჭირს მათთვის დიდაქტიკური სამუშაოს ჩატარება. ყველა პედაგოგი იმისთვის იბრძვის, რომ მოსწავლეებს კარგი განათლება მისცეს, თუმცა მათ საზოგადოება და ოჯახი ხელს არ უწყობენ. აღმზრდელობით საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებული მაქვს შრომები, სადაც აღვნიშნე ჩემი მოსაზრება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით.
- რას ფიქრობთ დღევანდელ ქართულ განათლების სისტემაზე?- მე აშშ-ში 80 სკოლაზე მეტი მაქვს ნანახი და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ქართველი მოსწავლეები ამერიკელ ბავშვებზე უკეთესები არიან. ჩვენ არც ერთ მეცნიერულ დისციპლინაში არც ერთ ერს არ ჩამოვრჩებით, თუმცა სამწუხაროდ, ტექნიკურ დარგში სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს, რაც არასწორმა მიდგომამ გამოიწვია. მიმაჩნია, რომ ერთი ისეთი სახელმძღვანელო უნდა არსებობდეს, რომელსაც პედაგოგის მხრიდან იშვიათად დასჭირდება ჩასწორება, რადგან მოსწავლეებზე ექსპერიმენტის ჩატარება დაუშვებელია. ბავშვი დაუწერელი დაფაა, ამიტომ, ისე უნდა ვასწავლოთ, რომ ნასწავლი ცხოვრებაში გამოადგეს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენი ახალგაზრდები ცოდნას საზღვარგარეთ ეძებენ. უცხოეთში ილია ვეკუას არ უსწავლია, თუმცა საუკეთესო იყო. აქედან გამომდინარე, თუ მოსწავლეს სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის.
ძალიან ცუდია აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებიდან ამოღება. ცოდნის მიღება ყველას უნდა, თუმცა შრომა ეზარებათ, რაშიც ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ. „ვეფხისტყაოსანზე“ უკეთეს რას ვასწავლით მოსწავლეებს?! ერთი და იმავე საკითხების გამეორება სხვადასხვა კლასებში არასწორია. საათები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოსწავლეებს პროპორციულად მივცეთ ცოდნა და გამტკიცებას მეტი დრო დაუთმონ. ჩვენ მოსწავლეებს ისე უნდა ვასწავლოთ, რომ გარე სამყაროს მოვლენები აღიქვან და ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენონ, მათ შორის, მათემატიკაშიც. მათემატიკის ცოდნა რომ არ სჭირდება, ისეთი პიროვნება ქვეყანაზე არ დადის.
- რამდენად განსხვავდება აშშ-ს განათლების სისტემა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისგან?- სამწუხაროდ, საქართველოში ტექნიკური ბაზა არ გაგვაჩნია იმისათვის, რომ მოსწავლეებს ცოდნის მიღება გავუადვილოთ. აშშ-ში კი ცოდნის მისაღებად ყველანაირი პირობა არსებობს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მოსწავლეები უფრო განათლებულები არიან, ვიდრე ამერიკელები. ჩვენ ზოგად განათლებას ვეძებთ, აშშ-ს მოსწავლეებმა კი საკუთარი პრეზიდენტის ვინაობა არ იციან.
- ეთანხმებით თუ არა განათლების სამინისტროს ინიციატივას პენსიონერი პედაგოგების ჯილდოზე გაშვებასთან დაკავშირებით?- პედაგოგების ჯილდოზე გაშვებას არ ვეთანხმები. კარგია, რომ ფულად ჯილდოს აძლევენ, თუმცა მე განათლების სამინისტროს ადგილზე პენსიონერ მასწავლებლებს ისევ სკოლის საკეთილდღეოდ სკოლის ბიბლიოთეკაში კუთხეს გამოვუყოფდი, ყოველ თვე მივცემდი ხელფასს და ღირსეულ პედაგოგებს ღირსეულად შევინარჩუნებდი. პედაგოგი, რომელსაც კიდევ შეუძლია სკოლას გამოადგეს და სამსახურიდან უშვებენ, მკვდარია.