საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი აღმოჩნდა.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება, განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს.
„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, კანონში სხვადასხვა ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული. შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც:
- გასართობ საცეკვაო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ინტერნეტსალონსა და კაფეში ბავშვის წესების დარღვევა გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
- ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს 1000 ლარით დაჯარიმებას;
- 18 წლამდე პირის ისეთ ინდუსტრიაში ჩაბმა, რომელიც ითვალისწინებს ალკოჰოლიანი სასმლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს საწრმოებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას ან რეალიზაციას - გამოიწვევს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით;
- ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის იმ პუბლიკაციების ბავშვისათვის მიყიდვა ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მათთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს 500 ლარით დაჯარიმდება.
იხილეთ ასევე: ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა კანონით აიკრძალება