2019-2020 სააღმზრდელო წლისთვის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
საკვები მენიუდან ამოღებულია მხოლოდ სეზონური პროდუქტი - მჟაუნა.
„მენიუ პრაქტიკულად არ შეცვლილა. ამოვიღეთ მხოლოდ სეზონური პროდუქტი - მჟაუნა, რომელიც რთული შესატანი იყო, სხვა მხრივ საკვებ მენიუში ცვლილებები არ შესულა“, - გვითხრეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას 16 სექტემბრიდან ორი ახალი კომპანია ახორციელებს. მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაგა-ბაღებს - კომპანია „ეკოლუქსი“, მარჯვენა სანაპიროზე კი კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ ამარაგებს.
უწყების ცნობით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან განაახლა. სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადადაც აკონტროლებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, 16 სექტემბრიდან ბაღებში საკვების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოწესრიგებული და განახლებულია სამზარეულოს ინვენტარი, დაცულია სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.