„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები 4 სხვადასხვა ლოკაციაზე - რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„2 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულის და ყვავილების ფესტივალები; ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; ორბელიანის ღია ბაზარი; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა”, - განაცხადა კალაძემ.
აქტივობების ჩამოთვლისას კალაძემ ორი მათგანი განსაკუთრებულად გამოყო და მომავალ შაბათ-კვირას დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ყველა დაინტერესებული პირი მიიწვია.
„6 ოქტომბერს, 20:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება „მუარე“ - ესაა აკრობატების საჰაერო შოუ როკ მუსიკის თანხლებით და ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა გველის წინ. გეპატიჟებით, თბილისელებს, ასევე სხვადასხვა კუთხიდან შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ შვილებით და შვილიშვილებით, ერთად გავატაროთ ეს ორი საინტერესო დღე. ვფიქრობ, საკმაოდ ნასიამოვნები დარჩება ყველა, ვინც გვეწვევა და იქნება ჩვენთან ერთად“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.