პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლის მასწავლებლის ხელფასი 300 ლარით გაიზრდება, ხოლო საბავშვო ბაღების მასწავლებლის ხელფასი - 100 ლარით.
„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50 ლარით იზრდება.
„2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. გარდა ამისა, 1-ელი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ“, - განაცხადა გახარიამ.
იხილეთ ასევე: „2020 წლისთვის მასწავლებლის ანაზღაურება ჯამში 300 ლარით გაიზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი