რუსთავის N5 საჯარო სკოლაში დილიდან მოსწავლეთა მშობლები აქციას მართავენ და ერთ-ერთი მე-6 კლასელი მოსწავლის სკოლიდან წასვლას მოითხოვენ. აღნიშნულის მიზეზი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარი ინციდენტია.
როგორც რუსთავის N5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი აცხადებს, მეექვსეკლასელმა მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.
რუსთავის N5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხმაური იყო. რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება მშობლებსა და მე-6 კლასელი მოსწავლის დედას შორის. მოსწავლის დედა ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ შვილის სკოლიდან გადაყვანას არ აპირებს.
აქციის მონაწილე მშობლები დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გოგაძესაც შეხვდნენ და როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დირექციისგან მიიღეს დაპირება, რომ მე-6 კლასის მოსწავლე, რომლის სკოლიდან გადასვლასაც ისინი მოითხოვენ, ორშაბათამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გამოცხადდება, თუმცა, როგორც მშობელი ამბობს, შვილის სკოლაში გაშვებას მაინც არ აპირებს. აღნიშნულ პოზიციაზე შეთანხმდა აქციაზე მყოფი მშობლების უმრავლესობაც. როგორც ისინი აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათიდან მე-6 კლასელი სკოლაში სიარულს განაახლებს, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. მშობლების თქმით, მე-6 კლასელი სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის საფრთხის შემცველია.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგაძე კი აცხადებს, რომ მშობლებს კანონმდებლობით საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბავშვის გარიცხვის მოთხოვნის უფლება არ აქვთ და მათთვის ეს დაპირება არც მიუცია.
აქციის ფონზე დაატოვებინეს სკოლის შენობა მე-6 კლასის მოსწავლეს და მის მშობელს. ისინი ტერიტორიიდან რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რესურსცენტრი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
დამატებით ინფორმაციას etaloni.ge სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ.