„ბოლო თვეებში ისე შეიცვალა, სწავლა აღარ უნდოდა“- წყალტუბოში შვილის თვითმკვლელობის გამო დედამ თავი მოიკლა
01-10-2019

წყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. 

შვილის სიკვდილის გაგების შემდეგ, ბიჭის დედამაც თავი მოიკლა - ის სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტა.

თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ სახელდება. 18 წლის ბიჭმა წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა.

როგორც სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე etaloni.ge-სთან საუბარში აცხადებს, გარდაცვლილი კარგი მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სწავლაც აღარ უნდოდა.

„ძალიან კარგი ბავშვი იყო, მაგრამ ბოლო თვეებში რაღაც შეიცვალა. ამბობდა რატომ ვისწავლო, ბოლოს მაინც ტაქსის მძღოლი გამოვალო. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, მაგრამ ბოლოს ისე შეიცვალა, რომ სწავლა აღარ უნდოდა და ამ მიზეზს ასახელებდა. რამდენადაც ვიცი, სკოლის დასრულების შემდგომ სწავლა არც პროფესიულში და არც უმაღლეს სასწავლებელში არ გაუგრძელებია. 

მშობლები დაშორებულები იყვნენ. დედა პერიოდულად საზღვარგარეთ დადიოდა. ვერსიები ბევრი გამოითქვა, თუმცა ასე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ისიც თქვეს, რომ ოჯახის წევრებმა ფურცელი იპოვეს, სადაც ეწერა გარდაცვალების დღე და ადგილი, თუმცა მე არ მინახავს და ასე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ფაქიზო ფანჩულიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203