პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაკიძეს მოუწოდეს დაინტერესდეს, იმ 600 აბიტურიენტის ბედით, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ბარიერი გადალახეს, მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ.
როგორც დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, ისიც და სხვა მაჟორიტარებიც მზად არიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადონ სამინისტროს, თუკი მეორად ჩარიცხვებს დაუშვებენ.
„მნიშვნელოვანი საკითხია იმ 600 აბიტურიენტის ბედ-იღბალი, რომლებმაც ჩააბარეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს და არავისზე ნაკლებად არ ჩაუბარებიათ, თუმცა იმ ერთ და ორ უმაღლეს სასწავლებელში რომელიც არჩეული ჰქონდათ ვერ მოხვდნენ. ძალიან გთხოვთ ყველამ ერთად ვიფიქროთ. მე ამ პრობლემას არ მოვეშვები მინისტრსაც ვუთხარი. პარლამენტისგან არამარტო მხარდაჭერა გექნებათ, არამედ მაჟორიტარები მზად ვართ გადამწყვეტი ზომები მივიღოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
დეპუტატის საპასუხოდ, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თუკი მეორად ჩარიცხვებს დაუშვებენ, მაშინ ეს ყოველწლიურად უნდა მოხდეს, რაც გამოცდების ეროვნულ ცენტრს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენებს.
„ეს აბიტურიენტები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში, ზოგ შემთხვევაში იყო ტექნიკური მიზეზი, ზოგ შემთვევაში არატექნიკური, მაგრამ სხვა სუბიექტური ფაქტორი. მათ ალბათ გადაწყვიტეს რომ თუ არ მოხვდებოდნენ კონკრეტულ უმაღლესში კონკრეტულ ფაკულტეტზე სხვა არჩევანი მათთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნებოდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ კანონის მიხედვით უმაღლესში ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, რასაც თან ახლავს რაჟირების დოკუმენტის შექმნა და ამის მიხედვით სტუდენტების გადანაწილება უნივერსიტეტებში.
რანჟირების პროცესი არის უაღრესად რთული ტექნიკური პროცესი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი მიაქვს. ამას რომ თავი დავანებოთ და განვახორციელოთ მეორეული ჩარიცხვები და ხელახალი რანჟირება, მათ მიერ გაკეთებული არჩევანის გათვალისწინებით მათი უმეტესობა შესაძლოა მაინც ვერ დავაკმაყოფილოთ.
მაგალითად თუ აბიტურიენტს მონიშნული ჰქონდა ერთი პროგრამა რანჟირების დოკუმენტში ვეღარ მოხვდება. რომ ქონდეს 2, 3, 4 პროგრამა ის მოხვდებოდა რანჟირების დოკუმენტში, მაგრამ გვყავს აბიტურიენტები, რომლებსაც მხოლოდ ერთი პროგრამა ჰქონდათ მონიშნული, მაშინ მათ უნდა მივცეთ პროგრამების არჩევის საშუალება და სხვა აბიტურიენტებთან ერთად უპირატესობა მივანიჭოთ.
ჩვენ ვდგებით იმ რეალობის წინაშე რომ მათ უნდა მივცეთ თავიდან არჩევანის საშუალება, რაც სხვა აბიტურიენტებს არ ჰქონიათ და მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არა ერთჯერადად არამედ მუდმივად უნდა გავაკეთოთ, რადგან სხვა შემთხვევაში მე არ ვიცი რით გამართლდება ეს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მეორადი ჩარიცხვები უნდა შემოვიღოთ როგორც წესი რაც ვფიქრობ ტექნიკურად საკმაოდ ართულებს ჩარიცხვის პროცესს. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელსაც სხვა ვალდებულებებიც აქვს განათლების სისტემის შიგნით. ამასთან უნდა დავფიქრდეთ იმ აბიტურიენტებზეც, რომლებსაც მსგავსი შემთხვევა არ მოსვლიათ. მეორადი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩვენ გარკვეულ უპირატესობას ვანიჭებთ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც არავითარი შეცდომა არ მოსვლიათ და თავიდანვე ჩაირიცხნენ.
შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავაგრძელოთ, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ეს ტექნიკურად ართულებს პროცესს“, - განაცხადა გიორგი ვაშაკიძემ.