სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლამ მერი და ოთარ ბოლქვაძეების პედაგოგიური მოღვაწეობის საიბიულეო თარიღი აღნიშა
10-05-2017
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლის პედაგოგების მერი ბოლქვაძის 60 და ოთარ ბოლქვაძისა 47 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის საიბიულეო თარიღის აღსანიშნად და მადლიერების გამოსახატავად, ხულოს დრამატული თეატრის სააქტო დარბაზში, ამავე რაიონის (და არა მარტო) ინტელიგენციის ნაწილი შეიკრიბა.
 
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, უდიდესი განათლება, ღრმა პრინციპულობა, მშობელი ხალხისა და მომავალი თაობების სიყვარული და უანგარობა, დიდი კეთილშობილება და მორალური სიწმინდე, აი, რა იყო და არის ამ ადამიანების მთავარი ფასეულობა და შესამოსელი:

''ამიტომაც, მათ მიერ გაწეული სამსახური კაცობრიობის წინაშე, დაფასებული იქნა და მაგალითი იმისა, რომ ღირსეულ ადამიანთა ღვაწლი არ იკარგება. ის ანთებული სანთელივით მიუძღვის ადამიანს და გზას უნათებს. ამ ანთებული სანთლის, მათ მიერ განვლილი გზის დასაფასებლად მობრძანებულმა სტუმრებმა არ დაიშურეს და იყო უამრავი თბილი სიტყვა, მოფერება, ცრემლიანი მოგონებები- სუფთა და სპეტაკი.'' 
 
იუბილე, პედაგოგებს მიულოცა ხულოს რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ მიქელაძემ, საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, ამაღელვებელი იყო, ადრეული წლების მუშაობის გახსენების მოგონებები, ძველი მეგობრების გახსენებით გამოწვეული ცრემლი.    

პედაგოგიური მოღვაწეობის იუბილე მიულოცეს შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა.

    
ღონისძიებაზე დამსწრეების თქმით, სასიამოვნო იყო მერი მასწავლებლის პირველი მოსწავლის, ფრიდონ ბოლქვაძის სიტყვით გამოსვლა:

''იუბილარებს მოეფერა ყველა იმ სკოლის წარმომადგენელი, სადაც მათ ამ დრომდე უმუშავიათ.
მამია ბოლქვაძე, რომელმაც გაიხსენა ორივე პედაგოგის, მაგრამ განსაკუთრებით, ბატონი ოთარის მაშინდელი ხულოს რაიონის განათლეების განყოფილებაში მუშაობის 25 წლიანი პერიოდი.'' 
ღონისძიებას ჩვეული ენერგიით ანსამბლი „ბერმუხა“, ანსამბლ “არგინეთის“ მოცეკვავეთა მცირე ჯგუფი, ხულოს კულტურის სახლთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ხულო“(ხელმძღვანელი ბეგლარ დეკანაძე) ალამაზებდა.  

სკოლის წარმომადგენლების თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის კურდამთავრებულებმა თამარ და თეონა კოჩალიძეებმა, განახლების საჯარო სკოლის მე -12 კლასის მოსწავლემ ლენა ცეცხლაძემ.   

საპატიო სტუმრად მოწვეულმა აჭარის ავტონომიურის რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელ ქალბატონ შუშანა სურმანიძის მიერ სამინისტროსგან იუბილარებს გადაეცათ მადლობის სიგელი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის.   

ორივე იუბილარი საპატიო სიგელით დააჯილდოვა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის აჭარის რესპუბიკურმა საბჭომ.  

დასასრულს სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ მიულოცა იუბილარებს ღირსეულად განვლილი პედაგოგიური მოღვაწეობის წლები. შემდგომი წარმატებები უსურვა მათ. მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და ყველა იმ პიროვნებას, ვისაც გარკვეული წილი ჰქონდა აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება-ჩატარებაში.  

ღონისძიების ბოლოს საზეიმო ვახშამი გაიმართა.   

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203