„თქვენი ვალდებულებაა სსსმ მოსწავლეებს ყურადღებით მოეკიდოთ, ამას სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს“- ირინა აბულაძე დირექტორებს მიმართავს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ის პროექტები გააცნეს, რომლებიც სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება.
შეხვედრაზე ასევე ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ეფექტიან ინტეგრაციას უშლის ხელს.
ირინა აბულაძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროსთვის ინკლუზიური განათლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელების ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ სსსმ მოსწავლეებს.
„თქვენი ვალდებულებაა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ სსსმ მოსწავლეებს და ამას სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს“,-განაცხადა აბულაძემ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სისტემაში დანერგილ სერვისებსა და დამატებითი სერვისების იდენტიფიცირებას.
განათლების სამინისტროს ცნობით, 2020 წლისთვის დაგეგმილია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა:
- სკოლებში ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის განვითარება;
- სენსორული დარღვევის (სმენა, მხედველობა) მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
- FM და ინდუქციული სისტემის დანერგვა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, ჟესტური ენის განვითარება;
- მცირემხედველი მოსწავლეების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა;
- მოსწავლეების სტუდენტების ბრაილის და ხმოვანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;
- სსსმ მოსწავლეებისთვის არსებული დამატებითი მომსახურებების განვითარება და გამრავალფეროვნება;
- მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება;
- სპეციალური მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაზე მუშაობა;
- სპეციალური მასწავლებლები სერტიფიცირება;
- ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების სისტემის გამართვა და დანერგვა;
- პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე სსსმ სტუდენტების განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა;
- განათლების მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფა;
- განათლების სისტემაში სოციალური პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
- მიმდინარეობს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ახალი დაფინანსების მოდელზე მუშაობა, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება.