სუხჩის სკოლამ პოეტ მურად ჭოლოკავა-ძიძიგურს გულთბილი შეხვედრა მოუწყო
11-05-2017
სუხჩის სკოლას პოეტი მურად ჭოლოკავა-ძიძიგური ესტუმრა.

სკოლის წარმომადგენლებმა მას გულთბილი შეხვერდა მოუწყვეს. მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და ყოფილმა თანაკლასელებმა პოეტს 75 წლის იუბილე მიულოცეს.  
 
ღონისძიებაზე პოეტის ლექსები წაიკითხეს. როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღირსეულ სტუმარს ერთი ლამაზი და თბილი დღე აჩუქეს: 

''ბატონი მურადი სტუმარი კი არა, სოფელ სუხჩის, მისი სკოლის ღვიძლი შვილია. ის დიდი სიყვარული, რომელიც სოფელში გატარებულმა წლებმა ჩაუნერგეს, ბატონ მურადს არასოდეს განელებია. განსაკუთრებული ყურადღება მან სწორედ მაშინ გამოიჩინა მშობლიური სკოლისადმი, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. სკოლის უძველესი შენობა, რომელიც თავადის ნასახლარია, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ბატონი მურადის ორგანიზატორობით გაარემონტეს სკოლის შენობა, გამოუცვალეს იატაკი და სახურავი'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა. 
 
მურად ჭოლოკავა-ძიძიგურმა სუხჩის სკოლა (შვიდწლედი) 1956 წელს დაამთავრა. უმაღლესი განათლება 1964-1972 წლებში მიიღო. 1962 წელს იგი "სამწერლო ნათლობას" ეზიარა. მურადის პირველი ლექსები ხონის რაიონულ გაზეთში გამოქვეყნდა. ამის შემდეგ პოეტის ლექსები და ლიტერატურული წერილები სისტემატურად იბეჭდებოდა რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში. მურად ჭოლოკავა-ძიძიგური არის ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველასა და ლადო ასათიანის პრემიების ლაურეატი, ხელოვნებისა და ლიტერატურის დამსახურებული მოღვაწე, ორგზის ღირსების ორდენოსანი. იგი 1998 წლიდან ჟურნალ "ორბეთის" რედაქტორ-გამომცემელი, მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა აკადემიის აკადემიკოსია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203