განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (არანაკლებ 180-კრედიტიანი) და მაგისტრატურის (არანაკლებ 60-კრედიტიანი) პროგრამის შემუშავების წესი დამტკიცდა, რაც საბაკალავრო პროგრამების 3 წლამდე და სამაგისტრო პროგრამების 1 წლამდე შემცირებას გულისხმობს.
როგორც ბრძანებიდან ირკვევა, აღნიშნული წესი ყველა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე არ გავრცელდება. ამასთან, უცნობია საგანმანათლებლო პროგრამების შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება როდის იქნება მიღებული.
განათლების სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ჯერჯერობით, დეტალები არ არის ცნობილი:
„მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტულად არაფერია ცნობილი. ეს არის, ასე ვთქვათ, მონახაზი იმისა, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ არაერთი ცვლილება შევა საკითხში და კიდევ რამდენიმე ბრძანება დაიწერება. ვერც იმას გეტყვით, დანამდვილებით იქნება თუ არა, თუმცა მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. საწყისი ეტაპია, და აქედან გამომდინერე, ჯერჯერობით ვერაფერს დავაკონკრეტებთ“,- განაცხადეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე განუცხადა და განმარტა, რომ „მოკლე ციკლის პროგრამების“ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების შემცირებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია და კანონის საფუძველზეც განსაზღვრულია, თუმცა, წელს ამ მხრივ ცვლილებები არ განხორციელდება.