პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.
რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები - პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.