„მასწავლებლები გულმოდგინედ ცდილობენ მეორე შანსი გამოიყენონ ნოემბერში დაგეგმილ გამოცდაზე“ - დირექტორების შეფასებები
16-10-2019

2019 წლის ზაფხულში მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე მიღებული შედეგების გაუმჯობესების შანსი პედაგოგებს ნოემბერში მიეცემათ. ნოემბერში დაგეგმილ გამოცდაზე 26 607 აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათგან მასწავლებლობის მსურველი 11 400-ზე მეტია, პრაქტიკოსი პედაგოგი კი 15 200-ზე მეტი. 

რაც შეეხება ზაფხულის გამოცდაზე მიღებულ შედეგებს, მასწავლებელთა გამოცდაზე 20 ათასამდე დარეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლიდან დაახლოებით 55%-მა პედაგოგმა დაადასტურა კომპეტენცია, მასწავლებლობის მსურველი 10 000-მდე აპლიკანტიდან კი გამოცდა დაახლოებით 2 300-მა ჩააბარა.

etaloni.ge დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები მასწავლებლებისთვის მიცემულ მეორე შანსზე და ზაფხულში ჩატარებული გამოცდების შედეგებზე.

შუახევის მუნიციპალიტეტის ზემოხევის საჯარო სკოლის დირექტორი რომან კონცელიძე:

„ჩვენი სკოლიდან ამჯერად 2 მასწავლებელი შეეცდება საკუთარი კომპეტენციის დადასტურებას. ვფიქრობ, წინა გამოცდის შედეგები დამაკმაყოფილებელია, თუმცა მეორე შანსს უფრო პოზიტიურად ვუყურებთ და უკეთესი მოლოდინები გვაქვს“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ინწკირვეთის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქათამაძე:

„შემოდგომაზე დაგეგმილ გამოცდაში მონაწილეობას ჩვენგან 8 მასწავლებელი მიიღებს. თითო კრედიტქულაც რომ მივიღოთ, საკმარისი იქნება, რადგან სხვა აქტივობებით შევძელით დაგვეგროვებინა ქულები. ამიტომ მაინც იმედიანად ვართ განწყობილები. წინა გამოცდაზე კარგად ვერ მოვემზადე, ძალიან რთული იყო ჩემთვის. ახლა უკეთესის იმედი მაქვს“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ჟანივრის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან ტაკიძე:

„დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. სამი მასწავლებელი დარეგისტრირდა ჩვენი სკოლიდან. ძალიან ძვირფასი მეორე შანსია მასწავლებლებისთვის და გულმოდგინედ ცდილობენ, რომ ეს შანსი გამოიყენონ. წინა გამოცდის შედეგები არცთუ სახარბიელო იყო, ახლა უკეთესი მოლოდინები გვაქვს. უფრო გამოცოცხლდა პროცესი“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ზანდუკის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური:

„მივესალმები კომპეტენციის დადასტურების გამოცდებს. 4 მასწავლებელი გვყავს დარეგისტრირებული. წინასწარ პროგნოზი არ მაქვს. ყველანაირად ვეცდებით, რომ კარგი შედეგი დადგეს“.

ხულოს მუნიციპალიტეტის ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა:

„დიდი შეღავათია პედაგოგებისთვის ეს მეორე შანსი და ჩვენი სკოლიდან 7 აპირებს მის გამოყენებას. ძალიან სამწუხაროა წინა შედეგები, რაც არ უნდა თავი ვიმართლოთ, თუმცა საკითხებიც რთული იყო და ბარიერიც უფრო მაღალი. ამჯერად იმედებით ვუყურებთ. ვემზადებით მეტი გულისყურით“.

დუშეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ებიტაშვილი:

„საუკეთესო მოლოდინი გვაქვს. იმედია, 5-ვე მასწავლებელი ჩააბარებს ჩვენი სკოლიდან. ალბათ, წინა შედეგები არ იყო კარგი, თუმცა ზოგიერთ მასწავლებელს არ გაუმართლა, ზოგს ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ამჯერად გაუმჯობესებას ველოდებით“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლის დირექტორი თამრიკო ფიჩხულაშვილი:

„3 მყავს ისეთი მასწავლებელი, რომლებსაც გაუჭირდებათ კომპეტენციის დადასტურება, დანარჩენებმა მივაღწიეთ სასურველ შედეგებს. ზაფხულში მაღალი შეფასება ვერცერთმა ვერ მიიღო, თუმცა ამჯერად ემზადებიან მასწავლებლები, დადიან ტრენინგებზე და იმედის თვალით ვუყურებთ დაგეგმილ გამოცდებს“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლიდა ოგბაიძე:

„კარგი მოლოდინები გვაქვს. 3 მასწავლებელს აკლია თითო კრედიტი გეგმის შესასრულებლად. წინა გამოცდაზე ვინც გავიდა, 7-7 კრედიტი აიღეს პროფესიულ უნარებში, ახლა საგნის გამოცდას ჩააბარებენ. სახარბიელო შედეგები არ იყო, თუმცა მასწავლებელი ყოველწუთს უნდა ზრუნავდეს განვითარებაზე და ასეც ვიქცევით“.

აბესალომ აბაშიძის ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ შაინიძე:

„მაღალი მოლოდინები გვაქვს. მასწავლებლების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული ყველაფერი, კომპეტენცია და გამოცდილება არ აკლიათ, ამიტომ, ვფიქრობ, 4 კრედიტით მაინც დაასრულებენ გამოცდას. ჩემი სკოლიდან რამდენიმე პედაგოგმა უკვე ჩააბარა. ახლაც მაქსიმალურად მუშაობენ, რომ შედეგები გაუმჯობესდეს“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ნაღვარევის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ტაკიძე:

„ძალიან კარგი შანსი მისცეს პედაგოგებს, ბარიერიც დაწიეს. 11 მასწავლებელი დავარეგისტრირეთ ჩვენი სკოლიდან და დიდი მოლოდინები გვაქვს. წელს პირველ გამოცდაზე მხოლოდ 3-მა ჩავაბარეთ 14-დან, თუმცა ზოგიერთი პირველად იყო და ამით ვხსნით ასეთ შედეგს. კარგად ემზადებიან ამჯერად და ყველაფერი წინ არის“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203