ვიდეო, სადაც არასრულწლოვანი გოგონა მაკიაჟით და თეთრი კაბით ცეკვავს - შსს განცხადებას ავრცელებს და მშობლებს აფრთხილებს
18-10-2019

არასრულწლოვანი გოგონას ვიდეოს, რომელშიც ის მაკიაჟით, ფატით და თეთრი კაბით ცეკვავს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ვიდეო თავად ბავშვის მშობლებმა გამოაქვეყნეს, საიდანაც სხვადასხვა გვერდებზე გავრცელდა. საზოგადეობის ნაწილმა ვიდეო მოიწონა, უმრავლესობა კი ფაქტით შეშფოთდა. განცხადებები გააკეთეს უფლებადამცველებმაც. 

აღნიშნული ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა და შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა.  

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს და შეხვედრაში მონაწილე სხვა სამსახურები მშობლებს მსგავსი შინაარსის ფოტოებისა თუ ვიდეოების გასაჯაროებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

„შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.

მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეო გადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში“, - აფრთხილებენ მშობლებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203