განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის სკოლას საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სკოლაში სასკოლო მერხებისა და დაფების მიწოდებაც განხორციელდა. სააგენტოს პარტნიორ კომპანიებთან ერთად კი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკის, მხატვრული ლიტერატურისა და ავეჯის მიწოდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება, რასაც მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ შატილის სკოლა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დაიწვა.