გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრიდან დაიწყება
21-10-2019

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. წელს 100 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი.

აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მიაწოდა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნული დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე.

„წელს ვაქცინათა მოწოდებამ მთელ მსოფლიოში ერთი თვით გადაიწია, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პროგნოზი - თუ რა შტამები ცირკულირებენ ზამთარში, ერთი თვით გვიან გააკეთა. ამიტომ მწარმოებლებმა დაახლოებით ერთი თვით დააგვიანეს ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება. კონტრაქტის მიხედვით, 25 ოქტომბერს უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ ბოლო ინფორმაცია, რაც მივიღეთ არის ის, რომ 29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ჩვენთან ეს 100 000 დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე, ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი. ჩვენ ვეცდებით, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდანვე მოხდეს რისკჯგუფების ვაქცინაცია. შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება მოთხოვნილება და როგორც შარშან, ალბათ, გვექნება ე.წ. თავისუფალი დღეები, როდესაც უკვე არამარტო რისკჯგუფებს, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, რომ აიცრან”, - განაცხადა გამყრელიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203