„ბავშვის ფიზიკური დასჯა დაუშვებელია“, - აღნიშნულია „ბავშვთა უფლებათა კოდექსში“, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.
კოდექსის მიხედვით, ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
„ბავშვთა უფლებათა კოდექსში“ ვკითხულობთ:
- დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინურ ზომად ნებისმიერი ფორმის ძალადობის გამოყენება, მათ შორის, ფიზიკური დასჯა ან სხვა სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელის გამოყენება.
- დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.
- აკრძალულია ალტერნატიული ზრუნვის განხორციელებისას ბავშვის მიმართ ისეთი დისციპლინური ზომებისა და ქცევის მართვის მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას, მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, მათ შორის, ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებას, მშობელთან, ოჯახის სხვა წევრებთან ან გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვას ან სხვა სახის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას.
- აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურების მიწოდებისას, სამედიცინო დაწესებულებაში ან/და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილზე. აღნიშნული ქმედება იწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებას.