რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი რესურსცენტრია - რა სპეციალობის ადამიანები მუშაობენ და რომელს ჰყავს ყველაზე მეტი თანამშრომელი?
25-10-2019

საქართველოს მასშტაბით სულ 70 საგანმანათლებლო რესურსცენტრი მოქმედებს. მათგან ყველაზე მეტი იმერეთის რეგიონში, ყველაზე ცოტა კი აფხაზეთშია. თანამშრომლების რაოდენობით გალი ლიდერობს, სადაც რესურსცენტში 8 ადამიანია დასაქმებული. 

აღნიშნული სტატისტიკა etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიაწოდა. 

 რესურსცენტრების რაოდენობა რაიონების მიხედვით ასეთია:

ყველაზე მეტი რესურსცენტრი იმერეთშია და მათი რაოდენობა 12-ს შეადგენს, მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც 9 რესურსცენტრი ფუნქციონირებს. შემდეგ მოდის კახეთი 8 რესურსცენტრით, 7 რესურსცენტრია ქვემო ქართლში. 6-6 რესურსცენტრი აქვს აჭარას და სამცხე-ჯავახეთს, ხოლო 4-4 არის შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. გურიაში 3 რესურსცენტრია, ყველაზე ცოტა - 2 რესურსცენტრი აქვს აფხაზეთს.  

რაც შეეხება რესურსცენტრების თანამშრომელების რაოდენობას, სამინისტროს განმარტებით, რაოდენობა რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლებისა და მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

რესურსცენტრში დასაქმებულთა ძირითადი რაოდენობა 3-დან 6 თანამშრომლამდეა. პოზიციები კი შემდეგნაირად არის გადანაწილებული: რესურცენტრის უფროსი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტი/იურისტი); მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); მესამე კატეგორიის სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი); შიდა აუდიტი; შესყიდვების კოორდინატორი და ა.შ.

დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი, 8 თანამშრომელი გალის რესურცენტრშია: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); პირველი  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტ - ეკონომისტი (ბუღალტერი); პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი); მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი; შესყიდვების კოორდინატორი) და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი).

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიზანი სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაა: 

რესურსცენტრები თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში ახორციელებენ მიმდინარე პროცესების ზედამხედველობას  და თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მხარდაჭერას და კონსულტირებას; ხელს უწყობენ მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ; მონიტორინგს უწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვას, ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით და საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი და სხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას და ა.შ.

იხილეთ რეგიონების მიხედვით არსებული რესურსცენტრები და მათში დასაქმებულთა რაოდენობა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203