ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებმა პროექტი გასვლითი გაკვეთილი-სემინარის სახით განახორციელეს
17-05-2017
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ხათუნა ხმალაძის პროექტის, ''საქართველოს ისტორია და სამცხე-ჯავახეთი'' მიხედვით, ახალციხის N5 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე სულაქველიძემ და ისტორიის მასწავლებელმა ლიდა ბექაურმა IX და IX კლასების მოსწავლეებთან განახორციელეს პროექტი გასვლითი გაკვეთილი-სემინარის სახით. 

რაბათის ციხის საკონფერენციო დარბაზში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები: 1. საქართველოს საგარეო და საშინაო მდგომარეობა XIII საუკუნეში და ერეკლე II; 2. ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ''ბედი ქართლისა'' და გეორგიევსკის ტრაქტატი; 3. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დღეს.   

მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ერეკლე მეორის პიროვნებაზე, მის საგარეო ავტორიტეტსა და ევროპულ ორიენტაციაზე, იმ ხელისშემშლელ პირობებზე, რომლებიც მაშინ არსებობდა საქართველოსათვის, რამაც განაპირობა გეორგიევსკის ტრაქტატის დადება, განიხილეს ტრაქტატის მუხლები... 

ისტორიულ ფაქტებს ორგანულად ერწყმოდა ლიტერატურული მასალა. საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა მოსწავლეებმა დავით გურამიშვილის ''ქართლის ჭირის'' მიხედვით დაახასიათეს, ზეპირად წაიკითხეს ნაწყვეტები პოემიდან ''ბედი ქართლისა''. ისაუბრეს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოზიციაზე ერეკლე მეფის მიმართ, გააანალიზეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ''საფლავი მეფის ირაკლისა''.  

გაკვეთილი-სემინარის საინტერესო მონაკვეთი იყო მოსწავლეთა მსჯელობა ტრაქტატის შედეგებზე, რომლებმაც მოწინავე საზოგადოება ბრძოლის გზაზე დააყენა. 1832 წლის შეთქმულთა (ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, სოლომონ დოდაშვილი, ვახტანგ ორბელიანი და სხვები) ბრძოლა, თავდადება და მარცხი საინტერესოდ იყო წარმოდგენილი, ამასთან ის იმედისმომცემი დისკუსია, რომელიც გამართეს მოსწავლეებმა, ჰქონდა თუ არა სხვა გზა საქართველოს რუსეთთან კავშირის გარდა მაშინ და რა გამოსავალი არსებობს დღეს მავთულხლართებში გახვეული საქართველოს დახსნისათვის. ამ გამოსავალს ისინი ჩვენს ერთიანობასა და ბრძოლისუნარიანობაში ხედავენ.   

გაკვეთილზე საინტერესო ვიდეომასალა და სლაიდ-შოუები იყო წარმოდგენილი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო მოწვეულმა სტუმარმა, ახალციხის უნივერსიტეტის ლექტორმა, რომან გოგოლაურმა, რომლის ნაშრომებიც იყო გამოყენებული ამ გაკვეთილზე. მან მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ აქტუალური თემის ფართო სპექტრით წარმოდგენისათვის. სემინარს ესწრებოდა მუზეუმის უფროსი მეცნიერმუშაკი ნატო ყრუაშვილი.  

ახალციხის N5 სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ინგა ვარდიძემ, დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ზოია ბალიაშვილმა, თბილი სიტყვებით მიმართეს მოსწავლეებს ასე დიდი ცოდნის დემონსტრირებისათვის. აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ მასწავლებლები: კლარა კუპრეიშვილი, მაია თათეშვილი, ლია ფეიქრიშვილი, ბიბლიოთეკის გამგე ციალა ადეიშვილი, მშობლები და სხვები.   

ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე სულაქველიძე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203