ოქტომბრიდან ხელფასი 30 ათასამდე მასწავლებელს გაეზარდა
27-10-2019

2019 წლის ოქტომბრიდან ხელფასი 30 ათასამდე მასწავლებელს გაეზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყებული პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.

პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე  მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა.

„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.

რეფორმის ფარგლებში, ანაზღაურების ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამასთან, არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება შემდეგნაირად ნაწილდება:

  • უფროსი მასწავლებელი - 1011 ლარი;
  • წამყვანი მასწავლებელი - 1435 ლარი;
  • მენტორი მასწავლებელი - 1745 ლარი.

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ ხელფასი, რაც  საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს. 

მას შემდეგ, რაც მასწავლებლის კომპეტენციას პედაგოგთა ახალი რაოდენობა დაადასტურებს და აიმაღლებს სტატუსს, წლის ბოლომდე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203