ქობულეთში ავტოავარიას ორი მე-12 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ 4 მოსწავლე
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი მე-12 კლასელი დაიღუპა, 4 კი - დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილი, რომელშიც თანაკლასელები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.როგორც
etaloni.ge-ს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნაირა მახარაძემ განუცხადა, შემთხვევა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.
„გვითხრეს, რომ ხეს შეეჯახნენ. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დამრიგებელმა მოსწავლეები ჭიშკრამდე მიაცილა, სად მიდიოდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია არავინ იცოდა. ბავშვები ერთ-ერთი თანაკლასელის მანქანით წავიდნენ. სავარაუდოდ, მართვის მოწმობა ჰქონდა მოსწავლეს, რომელიც მანქანას მართავდა. ახალი ჩაბარებული ჰქონდა გამოცდა, რადგან ცნობაც გამომართვა, რომ სკოლის მოსწავლე იყო. მანქანაში 6 მოსწავლე იმყოფებოდა, ყველა თანაკლასელები იყვნენ“, - განაცხადა ნაირა მახარაძემ.
რაც შეეხება 4 დაშავებულ მოსწავლეს, ისინი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, დაშავებულთა შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო დანარჩენი ორი ახალგაზრდის კი სტაბილურია.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის“კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.