კერძო სკოლა ''მზექამ'' პატარა გონდრიასის სკოლასა და ნინოწმინდის N4 სკოლას უმასპინძლა
23-05-2017

კერძო სკოლა ''მზექამ'' მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში ''ინტეგრაცია-წარმატება'' პატარა გონდრიასის სკოლასა და ნინოწმინდის N4 სკოლას უმასპინძლა.

შეხვედრის თემა იყო ''ინტეგრაციის მნიშვნელობა საზოგადოებისათვის''. კონფერენციაზე თითოეული სკოლიდან ხუთ-ხუთი მომხსენებელი წარსდგა. მოსწავლეებმა ჟიურის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ნაშრომები, რომლებშიც პირადი და სკოლის ცხოვრებიდან ჰქონდათ მოყვანილი ფაქტები.

ჟიურიმ შეარჩია სამი საუკეთესო თემა, რომელთა ავტორებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ პრიზი სამივე სკოლას შეხვდა.

კონფერენცია შეაჯამა ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომელმა მარეხ ყურმაშვილმა, რომელიც ხელმძღვანელობდა აღნიშნული პროექტის მიმდინარეობას წლის მანძილზე.

კონფერენცია მოწვეულმა სტუმარმა ა/ო ''ტოლერანტის'' დირექტორმა ცირა მესხიშვილმა შეაფასა. მან მომხსენებლებსა და უკვე დამეგობრებულ სკოლებს მიულოცა პროექტის  წარმატებულად დასრულება. ცირა მესხიშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ახალციხე ოდითგანვე იყო ტოლერანტობისა და ინტეგრაციის სიმბოლო.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა ა/ო ''საქართველოს ახალგაზრდობა ჯავახეთის განვითარებისათვის'' დირექტორმა თინა აკოფიანმა. მან ინტეგრაციის საკითხებსა და მნიშვნელობაზე პირადი მაგალითებით ისაუბრა და მონაწილეებსა და მათ სკოლებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კონფერენციის დასასრულს, კერძო სკოლა ''მზექას'' სკოლის დირექტორმა ბელა კაპანაძემ  სამადლობელი სიტყვით მიმართა ახალგაზრდულ ცენტრს, პროექტ ''მომავლის თაობის'' კოორდინატორსა და მცირე გრანტის ''ინტეგრაცია-წარმატების'' ავტორს გაიანე სარქისიანს. ბელა კაპანაძემ აღნიშნა, რომ სკოლები დაწყებულ მეგობრობას სამომავლოდაც გააგრძელებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203