განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა და გადაწყვეტილება პირადი მიზეზით ახსნა. ბატიაშვილის განცხადებიდან მალევე გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები, ვინ შეიძლება დაიკავოს განათლების მინისტრის თანამდებობა.
მანამ, სანამ განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი დასახელდება, Etaloni.ge დაინტერესდა, როგორი განათლების მინისტრი სურთ სკოლის დირექტორებს. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე დირექტორს ვესაუბრეთ:
მარნეულის მუნიციპალიტეტის საიმერლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მთვარელიძე:
„ჩემი აზრით, მინისტრი განათლების სფეროს ძალიან კარგად უნდა იცნობდეს. მენეჯერული გამოცდილებაც ამ სფეროში უნდა ჰქონდეს. ვგულისხმობ კომპეტენციებს განათლების მიმართულებით, კანონების ცოდნას და ყველაფერს, რაც განათლების სისტემას შეეხება.
სასურველია, იყოს განათლების სექტორიდან და არა დავუშვათ, სამედიცინო ან ბიზნესის სფეროდან. აუცილებლად უნდა ჰქონდეს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ვფიქრობ, ეს ორი მიმართულება ყველაზე მნიშვნელოვანია“.
ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე:
„განათლების მინისტრი, პირველ რიგში, თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. ის რეფორმები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სასურველია ბოლომდე მიიყვანოს, რადგან ძალიან კარგი ინიციატივებია დაწყებული.
თუ მინისტრი სიახლეების მოყვარული იქნება და სიახლეებს დანერგავს, ძალიან კარგი იქნება.
არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა პროფესია ექნება განათლების მინისტრს. შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, მაგრამ ისეთი მენეჯერული თვისებებით შემკული და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, რომ ყველაფერს ერთად და კარგად მოუყაროს თავი“.
ფოთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჟვანია:
„განათლების მინისტრად ვისურვებდი პიროვნებას, რომელიც კარგად იცნობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, მიღწევებს და გააგრძელებს დაწყებულ მიმართულებებს. მსურს გაგრძელდეს იგივე მიმართულება, რომელიც აქამდე იყო.
განათლების მინისტრი, ვფიქრობ, კარგად უნდა იცნობდეს და იყოს განათლების სისტემის წარმომადგენელი. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაც“.
თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან უსუფაშვილი:
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი იყოს სკოლის სფეროდან წამოსული. თუ გვინდა, რომ კარგად მოერგოს თანამდებობას, უნდა იცნობდეს სკოლას. იცოდეს იქ არსებული პრობლემები, ნიუანსები, რომელიც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებას. თუ ეცოდინება ყველაფერი, გაცილებით იოლად უხელმძღვანელებს განათლების სისტემას და ყველაფერი კარგად გამოუვა“.