ფხვენისის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
26-09-2016

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში რეაბილიტირებულ ფხვენისის საჯარო სკოლას ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა დაათვალიერეს სკოლაში დასრულებული სამუშაოები. აღნიშნულ სკოლაში შესრულდა 1500 კვადრატული მეტრის ფართობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია და შეძლებს, მიიღოს 240 მოსწავლე, ორ ცვლაში.

2016 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, დაასრულა 12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბებნისის, გორის #5, ზერტის, თიანეთის #1, ოკამის, საქაშეთის, სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ფხვენისის, ძეგვისა და ხიდისთავის საჯარო სკოლების საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია.

პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს, ხოლო 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203