25 წლამდე პირებისთვის აზარტული თამაშები შესაძლოა აიკრძალოს - პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილების მიზანი აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა:
„კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვა, დამოკიდებულ პირთა სიის შექმნა, სადაც როგორც მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა, ასევე მისი ოჯახის წევრი არის უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.
ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში გაუქმდეს ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და სავალდებულო გახდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ“.
კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1-ლი სექტემბერი.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი.